„ბიბისის“ ინფორმაციით, კალიფორნიაში ხანძრის გამო არნოლდ შვარცენეგერსა და ლებრონ ჯეიმსს სახლების დატოვება მოუწიათ
„ბიბისის“ ინფორმაციით, კალიფორნიაში ხანძრის გამო არნოლდ შვარცენეგერსა და ლებრონ ჯეიმსს სახლების დატოვება მოუწიათ

კალიფორნიაში ხანძრის გამო არნოლდ შვარცენეგერმა სახლი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მასშტაბური ხანძარი ლოს ანჯელესის იმ რაიონში მძვინვარებს, სადაც, ძირითადად, მდიდარი მოქალაქეების ფეშენებელური სახლებია განლაგებული. ამის გამო ათასობით ადამიანს ევაკუაცია მოუწია. მათ შორის იყო ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობი არნოლდ შვარცენეგერი და კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი, რომლებსაც სახლების დატოვება მოუწიათ.

„თუ საევაკუაციო ზონაში იმყოფებით, გაეცალეთ აქაურობას“, – დაწერა „ტვიტერის“ გვერდზე არნოლდ შვარცენეგერმა.

საშიშ ზონაში 10 000-ზე მეტი სახლი მდებარეობს. სულ მცირე რვა სახლი უკვე განადგურებულია, კიდევ ხუთი დაზიანებულია.

ლოს ანჯელესის გარდა, ხანძარი მძვინვარებს სანომას რაიონშიც, სადაც 180 000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ამის გამო სანტა როზას სიახლოვეს მდებარე გზებზე მანქანების გრძელი რიგი დგას.

ხანძრის გამო 1,5 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ცეცხლი ძლიერი ქარის გამო სწრაფად ვრცელდება. კალიფორნიის გუბერნატორმა შტატში საგანგებო მდგომაროება გამოაცხადა.