„ბიბისი“ - ებოლას გავრცელების რისკის გამო, რუანდამ კონგოსთან საზღვარი დახურა
ებოლას გავრცელების რისკის გამო, რუანდამ კონგოსთან საზღვარი დახურა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.
დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ბოლო დღეებში კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მჭიდროდ დასახლებულ ქალაქ გომაში ებოლათი დაავადებული ორი ადამიანი დაიღუპა. ჯერ კიდევ დაუდასტურებელი ცნობით, ჰემორაგიულ ცხელებას ემსხვერპლა მესამე ადამიანიც.
ქალაქი გომა, სადაც ორი მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რუანდას საზღვართან მდებარეობს. მომაკვდინებელი დაავადების გავრცელების რისკს ასევე ზრდის აფრიკულ სახელმწიფოში არსებული კონფლიქტი, რის გამოც რეგიონს ათასობით ადამიანი ტოვებს და თავს მეზობელ ქვეყნებს აფარებს. სწორედ ამიტომ, რუანდას მთავრობამ საზღვრის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ჰემორაგიული ცხელებით 1 800 ადამიანი დაიღუპა, 2 700 კი დაინფიცირდა, თუმცა აქამდე ებოლათი დაინფიცირების შემთხვევები მხოლოდ სოფლებსა და მეჩხრად დასახლებულ პუნქტებში ფიქსირდებოდა.
გასულ კვირას, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კონგოში გავრცელებული ებოლა საერთაშორისო დონის საფრთხედ გამოაცხადა. საერთაშორისო ორგანიზაციამ აღნიშნული გაფრთხილება აქამდე მხოლოდ ოთხჯერ გამოიყენა, მათ შორის იყო 2014-2016 წლებში, აფრიკაში არსებული ებოლას ეპიდემია. მაშინ ჰემორაგიულ ცხელებას 11 ათასი ადამიანი შეეწირა.