ბესარიონ თედიაშვილი - ჯარის პრესტიჟი იქამდეა დაცემული, სამხედრო სამსახურისთვის თავის ასარიდებლად ხალხი პოლიტიკურ გაერთიანება „გირჩს“ მიმართავს
ჯარის პრესტიჟს აუცილებლად ავწევ და გავხდი ისეთს, რომ ჯარში მსახურება ყველასთვის პატივი იყოს, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ბესარიონ თედიაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2018“ განაცხადა.
„ჯარისკაცები ჩვენი ქვეყნის საუკეთესო შვილები არიან და ქვეყანა ჯარს ისე უნდა ემსახურებოდეს, როგორც ისინი ემსახურებიან ქვეყანას. მთავარსარდალი უნდა იყოს ისეთი პიროვნება, რომელსაც ჯარი ეყვარება, ჯარს კი – ეს მთავარსარდალი. ჯარი ჩემი მეორე ყველაზე დიდი სიყვარულია, რაც ქვეყანაზე გამაჩნია. ეს ის ხალხია, ვინც ჩემს, თქვენს, ჩვენი შვილებისა და ოჯახების სიმშვიდეს იცავს, ამიტომ ეს ინსტიტუტი გასაძლიერებელია“, – განაცხადა თედიაშვილმა.
მისი თქმით, ასევე დაუფასებელია ვეტერანები და მაშველები, რომლებიც ჩვენს უსაფრთხოებას იცავენ, ჯარის პრესტიჟი კი იქამდეა დაცემული, რომ სამხედრო სამსახურისთვის თავის ასარიდებლად ხალხი პოლიტიკურ გაერთიანება „გირჩს“ მიმართავს.
მისივე თქმით, დღეს რომ ქუჩაში უსაფრთხოდ დავდივართ, ეს პოლიციელების დამსახურებაა, ამ დროს კი, იქამდე მივედით, რომ მათ ათასგვარ შეურაცხყოფას აყენებენ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რას განიხილავს მთავარ საგარეო გამოწვევად და როგორ აპირებს საგარეო მიმართულებით მუშაობას, თუ მისი ხედვა მთავრობის მიერ შემუშავებული პოლიტიკისგან განსხვავდება, ბესარიონ თედიაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის მიერ არჩეულ საგარეო კურსს სრულიად ეთანხმება და არ სჯერა, რომ რუსეთთან პოლიტიკური დიალოგით რამეს მივაღწევთ, რადგან რუსეთი მაკიაველური პრინციპებით მოქმედებს და გეოპოლიტიკურად მის ინტერესში არ არის, გვერდით სტაბილური სახელმწიფო ჰყავდეს.
თედიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა არ ითვალისწინებს გეოპოლიტიკურ ინტერესებს, რომელიც საქართველოში ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების მიერ ტარდება და პრეზიდენტობისას ამ პრობლემას დააყენებს.
„პირობითად, აჭარაში კატასტროფული სიტუაცია გვაქვს, რადგან აჭარლები მსოფლიო ეკონომიკურ გიგანტთან პირისპირ არიან დარჩენილი და რაღაც უნდა მოხერხდეს, რაზეც ეთერში არ მინდა ვილაპარაკო. გვაქვს სოფლები, სადაც სხვა ქვეყნებიდან გეოპოლიტიკური ფინანსირება ხდება და ადგილების თალიბიზაცია მიდის. ამაზე კი, რატომღაც, ხმას არავინ იღებს. სანამ ისეთი დრო არ დაგვიდგა, რომ მთავარსარდლის ჩარევა გახდეს საჭირო, სასწრაფო მოქმედებები უნდა დაიწყოს. ახლა შესაძლებელია, ეს ყველაფერი ადვილად შემობრუნდეს. ისე რომ ამ ქვეყნებთან ურთიერთობა არ გაგვიფუჭდეს“, – განაცხადა თედიაშვილმა.
დებატში მონაწილე პრეზიდენტობის კანდიდატის, თემურ შაშიაშვილის შეკითხვაზე, უჭერს თუ არა მხარს, რომ საქართველო საპრეზიდენტო მმართველობას დაუბრუნდეს და ჩაატარებს თუ არა რეფერენდუმს პრეზიდენტად არჩევიდან ორი წლის შემდეგ, პრეზიდენტის ნდობის თაობაზე, ბესარიონ თედიაშვილმა განაცხადა, რომ ის პოლიტიკოსი არ არის და კონსტიტუციის შეცვლას არ აპირებს, პრეზიდენტობაზე კი, კენჭს იმიტომ იყრის, რომ სურს, ხალხს დაანახოს ნება, რისი გაკეთება შეიძლება.