ბესარიონ თედიაშვილი - ანტითურქული ისტერიის შემოტანას არ ვაპირებ, უბრალოდ, ხდება ისეთი რამეები, რაც ჩვენს ინტერესებში არ შედის და თურქეთს უნდა ავუხსნათ, რომ ასე არ შეიძლება
ბესარიონ თედიაშვილი - ანტითურქული ისტერიის შემოტანას არ ვაპირებ, უბრალოდ, ხდება ისეთი რამეები, რაც ჩვენს ინტერესებში არ შედის და თურქეთს უნდა ავუხსნათ, რომ ასე არ შეიძლება

მე ანტითურქული ისტერიის შემოტანას არ ვაპირებ, რადგან თურქეთი ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა და არა მტერი, უბრალოდ, ხდება ისეთი რამეები, რაც ჩვენს ინტერესებში არ შედის და თურქეთს უნდა ავუხსნათ, რომ ეს ასე არ შეიძლება, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, ბესარიონ თედიაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2018“.

„ისინი პანსიონატებს ხსნიან და ბავშვები სასწავლებლად მიჰყავთ, რითაც ჩვენს ქვეყანაში თურქეთის პატრიოტებს ზრდიან და თურქეთს ვინმემ ჰკითხა, ამას რატომ აკეთებს?! მე ვამბობ, რომ უბრალოდ, თურქეთს ამ თემაზე არავინ ელაპარაკება. ასევე პრობლემაა სუბსიდირებული პროდუქცია, რომელიც საქართველოში მოდის და ჩვენს წარმოებას განვითარების საშუალებას არ აძლევს, მაგრამ ვინმემ ეს საკითხი ხომ უნდა დასვას?! ამ ყველაფრის მოგვარება მოლაპარაკების გზით შეიძლება, რადგან რაც ხდება, თვითონაც კარგად იციან“, – განაცხადა თედიაშვილმა.

მისი თქმით, ჩვენს ქვეყანაში ყველა ქვეყანა თავის ინტერესებს ატარებს და თურქეთიც ასე იქცევა, უბრალოდ, ამაზე რეაქცია არ გვაქვს, რაც ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით, ბოლოს ძალიან ცუდად მოგვიტრიალდება.

ამ განცხადებით ბესარიონ თედიაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, თავისი დაპირების შესრულების პარალელურად, როგორ აპირებს ჩვენს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთან, ნატო-ს წევრ თურქეთთან ურთიერთობას და მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, უნდა ველოდოთ თუ არა თურქეთთან ურთიერთობების გაუარესებას, რადგან ის აჭარის რეგიონში თურქული ექსპანსიის დასრულებაზე საუბრობს.

ბესარიონ თედიაშვილმა წინასაარჩევნო გარემოც შეაფასა და აღნიშნა, რომ ყველა პარტიას ჰყავს თავისი ტელევიზია, რომლებიც მხოლოდ თავიანთ კანდიდატებს აშუქებენ, რაც ძალიან ცუდია, თუმცა, ამ არჩევნებზე ძალადობა არ ყოფილა.