„ბერლინალე 2018“ დღეს ანიმაციური ფილმით Isle of Dogs გაიხსნება
„ბერლინალე 2018“ დღეს ანიმაციური ფილმით Isle of Dogs გაიხსნება

ბერლინის 68-ე კინოფესტივალი დღეს უეს ანდერსონის ანიმაციური ფილმით Isle of Dogs გაიხსნება.

ანიმაციური ფილმის სიუჟეტი იაპონიაში ვითარდება, სადაც ერთ-ერთ ქალაქში გამოცხადებული კარანტინის გამო, მოსახლეობა ძაღლებს სპეციალურად მათთვის განკუთვნილ კუნძულზე აგზავნის. სიუჟეტის მთავარი პერსონაჟი იაპონელი ბიჭი – ატარია, რომელიც კუნძულზე თავისი საყვარელი ძაღლის მოსაძებნად ჩადის.

ანიმაციურ ფილმს იოკო ონო, სკარლეტ იოჰანსონი, ტილდა სვინტონი, ედუარდ ნორტონი, ბილ მიურეი და სხვა ცნობილი მსახიობები ახმოვანებენ.

წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე Run Lola Run, Cloud Atlas-ისა და A Hologram for the King-ის რეჟისორი ტომ ტიკვერი იქნება. რაც შეეხება ჟიურის სხვა წევრებს, ბერლინალეს გამარჯვებულს წელს გამოავლენენ Moonlight-ის პროდიუსერი ადელ რომანსკი, ბელგიელი მსახიობი სესილ დე ფრენსი, იაპონელი კომპოზიტორი რუიჩი საკამოტო, კინოკრიტიკოსი სტეფანი ზაჩარეკი და რეჟისორი ჩემა პრადო.

ბერლინის 68-ე კინოფესტივალი 25 თებერვალს დასრულდება.