ვასილ მაღლაფერიძე - ქართულ ტელევიზიებში ხანდახან ისეთი გადაცემები გადის, რომ 21-ე საუკუნეში ეს უბრალოდ, სამარცხვინოა
ვასილ მაღლაფერიძე - ქართულ ტელევიზიებში ხანდახან ისეთი გადაცემები გადის, რომ 21-ე საუკუნეში ეს უბრალოდ, სამარცხვინოა

ქართულ ტელევიზიებში ხანდახან ისეთი გადაცემები გადის, რომ 21-ე საუკუნეში ეს უბრალოდ, სამარცხვინოა, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„აუცილებელი კი არ არის, მაინცდამაინც ვიღაცის კონტროლის ქვეშ იყოს. ადამიანი თუ ორბიტიდან არის გასული, რა მნიშვნელობა აქვს, ვისი გავლენის ქვეშ არის“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის კულტურული გარემოს დაბრუნება, რაც ძალიან რთულია, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი ფილმების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია. ძალიან რთული იყო სერიალებთან დაბრუნება და მათი წარმოება. როცა პარლამენტში ეს კანონი გაგვქონდა, რომ ეს არჩევანი გვქონოდა, მედიაექსპერტების ნაწილი ამის წინააღმდეგ თავგანწირვით იბრძოდა. ღიად უნდა ითქვას, რომ წლების განმავლობაში ხდებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის რესურსების სხვა ტელევიზიებისთვის მოხმარება. ზოგი გაუცნობიერებლად იბრძოდა და ზოგიც გაცნობიერებულად, რომ ეს არხზე არ დაბრუნებულიყო“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ოცსერიან ანიმაციურ ფილმს იღებს.

„გავბედეთ და ვიღებთ ოცსერიან ანიმაციურ ფილმს. დიდი ხანია, ასეთი რამ არ გაკეთებულა. ქართველი ბავშვები ჩამოკიდებული არიან საზღვარგარეთის ფილმებზე, რისი წინააღმდეგიც თავისთავად არ ვართ, მაგრამ იგივე ცნობილ და გახმაურებულ „მაშა და დათვში“, რომელიც კარგი ხარისხის პროდუქტია, თავისი იდეოლოგიაც არის ჩადებული და კონფერენციაზე ყელის მოღერებით ამას ვერ უშველი. ამას სწორედ ეროვნული პროდუქციის წარმოებით უშველი. ისე კი არა, რომ იმას აუკრძალო. ამას ვერ აკრძალავ. რაღაცნაირად, შენი სახეები უნდა შექმნა და ჩვენ ახლა ამის მცდელობა გვაქვს. პირველივე ცდაზე შეიძლება, ვარსკვლავები ვერ მოვწყვიტოთ, მაგრამ პრეტენზია გვაქვს, რომ კარგი პროდუქტი შევქმნათ. ეს ყველაფერი ჩაშვებულია, გაშვებულია და როგორც იტყვიან, მატარებელი სადაცაა, ბაქანზე შემოვა. ის დრო წავიდა, ჰაერზე რომ რაღაც გეგმებზე ლაპარაკი მიდიოდა“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.