ბექა წიქარიშვილი - ქალაქის მერი არ უნდა ლაპარაკობდეს ნარკოპოლიტიკაზე, უნდა საუბრობდეს პრემიერი, შს მინისტრი
„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ლიდერი ბექა წიქარიშვილი აცხადებს, რომ მათი აქცია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან გაგრძელდება. ის დედაქალაქის მერის კახა კალაძის მიერ განცხადების გაკეთების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქალაქის მერი არ უნდა ლაპარაკობდეს ნარკოპოლიტიკაზე, უნდა საუბრობდეს პრემიერი, შს მინისტრი.
„ძალიან სამწუხაროა, როდესაც პასუხისმგებლობის გადანაწილება ხდება. ქალაქის მერი არ უნდა ლაპარაკობდეს ნარკოპოლიტიკაზე, უნდა საუბრობდეს პრემიერი, შს მინისტრი. ქმედებებმა, რაც გუშინ განხორციელდა, დაადასტურა, რომ რეალიზატორებისთვის არ გაკეთებულა. რეალურად, მათ რეალიზატორები დაკავებული ყავდათ კლუბის გარეთ, ანუ ვის მოვკითხოთ ამაზე პასუხი, ვიღაც ხომ უნდა იყოს პასუხისმგებელი.
რატომ დაგვაკავეს ამდენი პერიოდის განმავლობაში? ეს ხომ ის არის, რასაც მოქმედი ხელისუფლება ეწინააღმდეგებოდა.
ჩვენ პროტესტს გავაგრძელებთ, რადგან ქვეყნის თავისუფლების საკითხი დგას და პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს.
იმედი გვაქვს, რომ პასუხს ჩვენს მოთხოვნებზე მივიღებთ და შემდეგ უკვე გვეცოდინება სამომავლო გეგმების შესახებ. მათ შორის, განიხილება კარვების დადგმაც. ღამე გაჩერების იდეაც არის და ვიქნებით, სანამ არ მივიღებთ ადეკვატურ პასუხს“, – განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მთავრობის გუნდი დილიდან მსჯელობს აღნიშნულ საკითხზე და მათი კარი მოლაპარაკებისთვის ღიაა.