ბექა წიქარიშვილი - ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, პარლამენტთან აქციას ვწყვეტთ, სამოქმედო გეგმის შესახებ მოგვიანებით შეგატყობინებთ
„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ლიდერის ბექა წიქარიშვილის ინფორმაციით, მათი აქცია შესაძლოა, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან აღარ გაიმართოს.
როგორც წიქარიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, პარლამენტთან აქციას წყვეტენ და სამოქმედო გეგმის შესახებ საზოგადოებას მოგვიანებით, სოციალური ქსელის საშუალებით შეატყობინებენ.
„სამოქმედო ნაბიჯების დასაგეგმად საორგანიზაციო ჯგუფი იკრიბება. აქ შეიძლება აღარ შევიკრიბოთ. ინფორმაციას მოგვიანებით, „ფეისბუქით“ გავავრცელებთ“,- განაცხადა წიქარიშვილმა.
ამასთან, ცოტა ხნის წინ, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის პოლიციამ რუსთაველის გამზირზე სამი ადამიანი დააკავა.
პოლიციამ პარლამენტთან გაშლილი კარვები აშალა.
შეგახსენებთ, პარლამენტის წინ შეკრებილები ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებს აპროტესტებენ და პრემიერ-მინისტრისგან განმარტებებს ელოდებიან.