ბექა რუსიას დაღუპვის ფაქტზე სასამართლო პროცესი 26 თებერვლამდე გადაიდო
ბექა რუსიას დაღუპვის ფაქტზე სასამართლო პროცესი 26 თებერვლამდე გადაიდო. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ შოთა ბიჭიამ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა პროცესის გადადების შესახებ.
როგორც პროკურორმა დავით პაპავამ განაცხადა, მას დასკვნითი სიტყვისათვის დამატებითი დრო სჭირდება.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების და დაცვის მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს.
პროცესის შემდეგ დაღუპული ბექა რუსიას ოჯახის წევრები ბრალდებულ დავით ჯალაღანიას ოჯახის წევრებს დაუპირისპირდნენ. ამჟამად როგორც დაღუპულ ბექა რუსიას, ასევე ბრალდებულის ოჯახის წევრები საგუშაგოს მორიგე უფროსის ლექსნადრე კვიჟინაძისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეორე სამმართველოს ხელმძღვანელობის დასჯას ითხოვენ.
ბექა რუსიას საქმეზე ბრალდებული ჯალაღანია დანაშაულს აღიარებს.
შსს განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის წვევამდელი ბექა რუსია 2017 წლის 26 ოქტომბერს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში, ერთ-ერთ საგუშაგოზე დაიღუპა. გამოძიების ინფორმაციით, მას დ.ჯ.-ს მიერ საგუშაგოს უფროსის ა.კ.-ს ტაბელური იარაღიდან გასროლილი ტყვია მოხვდა. საქმე აღძრულია სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით.