ბექა ნაცვლიშვილი - ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოწესრიგდეს
ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტზე დღეს შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვა იწყება, რომლის საფუძველზეც ერთხელ და სამუდამოდ, უნდა მოწესრიგდეს ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების, ღამის შრომის ანაზღაურების საკითხი, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილებებით შემოდის დამსაქმებლის მხრიდან სამუშაო დროის აღრიცხვის ვალდებულებაც.
„ასევე ხდება არასრულწლოვანთა შრომის რეგლამენტირება. დღეს გვაქვს რთული ვითარება. ადამიანები, რომლებიც მუშაობენ 18 საათი ერთ ცვლაში, კოდექსით გათვალისწინებულია, რომ მათ შეუძლიათ, მხოლოდ 12 საათი დასვენება ცვლებს შორის, რაც ადამიანის უფლებების დარღვევაა. რაც შეეხება ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას, ჩვენი შეთავაზებით დგინდება ერთნახევარი ოდენობით ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება, რაც გულისხმობს, რომ თუ საათობრივი ანაზღაურება ადამიანს აქვს 5 ლარი, როდესაც ის ზეგანაკვეთურად იმუშავებს, მისი საათობრივი ანაზღაურება უნდა მოხდეს 7,5 ლარის ოდენობით, რაც შეეხება ღამის შრომას, თუ ადამიანს მაგალითად, ხელფასი 5 ლარი აქვს საათობრივი, მაშინ ღამის შრომის შემთხვევაში, მისი ხელფასიც გაიზრდება. ეს იმიტომ უნდა მოხდეს, რომ დასაქმებულებმა იგრძნონ საკუთარი შრომის ფასი“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.