მოქმედი საპენსიო სისტემა არ არის ეფექტური, ის ვერ უზრუნველყოფს საპენსიო ასაკში მყოფი ადამიანებისთვის ღირსეულ ცხოვრებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე მთავრობის, პროფკავშირებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები საპენსიო რეფორმის შესახებ თავიანთ ხედვებს ერთმანეთს აცნობენ.
“საპენსიო ასაკს ყველა მივაღწევთ, საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით, აზრის გათვალისწინებით, მგონია, რომ ჩამოვყალიბდებით საერთო ხედვაზე, რომელიც მეტნაკლებად ყველას ინტერესს გაითვალისწინებს. მთავარი არის სამართლიანობა, რომ გადაწყვეტილების პრინციპი არსებობდეს. შემოთავაზებული საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით ბევრი საკითხია გადასაწყვეტი. ბევრი საკითხია, რომლის შეჯერებას აუცილებელია და ვფიქრობთ, რომ დღეს ამ დისკუსიის შედეგად საერთო ენას გამოვნახავთ”, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
საპენსიო რეფორმის თემაზე საქართველოს სახელისუფლო სტრუქტურებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრებმა, პროფკავშირების წარმომადგენლებმა და ევროპელმა ექსპერტებმა ფრიდრიხ ებერტის ფონდის ინიციატივით გამართულ კონფერენციაზე ისაუბრეს.