ბექა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე მმართველ გუნდში შეთანხმების პერსპექტივა არსებობს
ბექა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე მმართველ გუნდში შეთანხმების პერსპექტივა არსებობს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე მმართველ გუნდში შეთანხმების მიღწევის პერსპექტივა არსებობს.

დეპუტატი იმედოვნებს, რომ ამ თემის მნიშვნელობა პირად დაპირისპირებაზე მაღლა დადგება და საბოლოოდ თუ მოსამართლეთა სია პარლამენტს უცვლელად წარედგინება, საკანონმდებლო ორგანოს წევრთა უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს.

რაც შეეხება მმართველ გუნდში ვითარებას, ნაცვლიშვილი ამბობს, გუნდის გაყოფა არ მოხდება და ამის სირთულეს პოლიტიკური ცხოვრებისთვის ყველა აცნობიერებს.

„მნიშვნელოვანია პროცესი, რომელიც დაიწყო და მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების შემუშავებასა და ნორმალური, ჯანსაღი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებას ეხება. შეიძლება, ამან უფრო დიდ პროცესს მისცეს ბიძგი და ერთხელ და სამუდამოდ, ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს ჩამოყალიბების საფუძველი გახდეს. დეპუტატები ვაქტიურობდით და ღიად ვაფიქსირებდით ჩვენს პოზიციას, შესაძლოა, ეს განცდას ბადებს, რომ გუნდში არის განსხვავებული პოზიციები. ყველასთან კომუნიკაცია არ მქონია, თუმცა ვიმედოვნებ, არიან სხვა კოლეგებიც გუნდში, რომლებიც ასევე არიან განწყობილი წარდგენილი სიის მიმართ“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

დეპუტატი ვარაუდობს, რომ თუ კრიტერიუმების შემუშავების შემდეგაც იგივე კანდიდატები იქნებიან წარდგენილი, პარლამენტში სია ჩავარდება.

„ვინც ამ საის ვეწინააღმდეგებით, დარწმუნებული ვართ, რომ ეს წინააღმდეგობა არის სამართლიანი და საქართველოს მომავალზე ორიენტირებული მოთხოვნა. ყველამ უნდა გააცნობიეროს ეს მიზანი და პიროვნული წყენა უნდა გადავდოთ. როგორც ჩანს, ეს პიროვნულ დონეზეა, რადგან თუ ყველა იზიარებს, რომ მოსამართლეობის კანდიდატები არ არიან დამაკმაყოფილებელი, მაშინ დავა არის პიროვნული“, – განაცხადა ნაცვლშვილმა.

მისი თქმით, ვინმეს გაწვევისა თუ გარიცხვის თემა დღის წესრიგიდან უნდა მოიხსნას და ყველა შესაბამისი კრიტერიუმების შემუშავებაზე უნდა იყოს ორიენტირებული.

„გაწვევა, გარიცხვა და ა.შ, უნდა მოხსნას დღის წესრიგიდან და ვიყოთ ორიენტირებული, ისეთი კრიტერიუმები შევქმნათ, რომელსაც ექნება მუდმივი ძალა. ვერაფერს გამოვრიცხავ. ჩვენ კონკრეტულ საკითხზე ვსაუბრობთ კონკრეტულ მოსამართლეებთან დაკავშირებით, ამაზე თუ ვინმეს სხვა აზრი აქვს, გარიცხვაზე კი არ უნდა იყოს საუბარი. ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, მომავალში თანამშრომლობას ვერ შეძლებენ, რადგან აღნიშნული არის ძალიან მწვავე და ღირებულებითი საკითხი“, – განაცხადა დეპუტატმა.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან, გიორგი მიქაუტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შემუშავდება მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები, რასაც ექნება უკუძალა და სწორედ ამ კრიტერიუმების მიხედვით იქნება წარდგენილი განახლებული სია.