ბექა ნაცვლიშვილი - გამოვიდა, რომ უფლებამოსილების შეჩერებით გედევან ფოფხაძე დასაჯეს
გამოვიდა, რომ უფლებამოსილების შეჩერებით, გედევან ფოფხაძე დასაჯეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
„იურიდიულ კომიტეტში გედევან ფოფხაძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ნამდვილად არ ვიზიარებ. არ დამრჩენია შთაბეჭდილება, რომ მსგავსი გადაწყვეტილებას შესაძლო პროცედურული დარღვევების გამო მიიღეს. არამედ გარკვეული თვალსაზრისით, ეს იყო მიზანმიმართული ქმედება გედევან ფოფხაძის წინააღმდეგ და გამოვიდა, რომ გედევან ფოფხაძე დასაჯეს.
როცა გედევან ფოფხაძე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს, მაშინ განვაცხადე, რომ ჩემთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, იურიდიულ კომიტეტს ხელმძღვანელობდეს ადამიანი, რომელსაც გამოკვეთილი პოზიცია აქვს პარლამენტში გადაგზავნილი მოსამართლეთა სიაზე“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
ნაცვლიშვილის თქმით, თუ ეს მოსამართლეები უვადოდ იქნებიან გამწესებული, საქართველოს მოსახლეობას სასამართლოს მიმართ ნდობა აღარ ექნება.
კითხვაზე რა გახდა ეკა ბესელიას მიერ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების მიზეზი, ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ მისი გადაწყვეტილება მოსამართლეების საკითხს უკავშირდება.
„ეკა ბესელიასთან უფრო მეტი კომუნიკაცია მაქვს, ვიდრე ირაკლი კობახიძესთან, ამიტომ ეკა ბესელიას დამოკიდებულება უკეთესად ვიცი, ვიდრე კობახიძის. ეკა ბესელიას გაცხადებული აქვს, რომ სწორედ მოსამართლეების საკითხს უკავშირდება მისი გადაწყვეტილება, მე მჯერა მისი, რადგან მასთან მქონდა კომუნიკაცია“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
გედევან ფოფხაძე ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის იურიდიული კომიტეტიდან გუშინ გაიწვია. გედევან ფოფხაძე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ მას შემდეგ აირჩიეს, რაც კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ და მისმა პირველმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმა თანამდებობები დატოვეს.