ბექა ნაცვლიშვილი - ახალი ფრაქციის შექმნას არ ვაპირებ, ეს არის სიცრუე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ნაცვლიშვილი უარყოფს გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი საპარლამენტო ფრაქციის შექმნას აპირებს.
მისი თქმით, ეს არის სიცრუე და ამ საკითხზე ნებისმიერი სპეკულაცია უნდა დასრულდეს.
„რაც შეეხება ჩემ მიერ ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, ამაზე შემიძლია ცალსახად განვაცხადო, რომ არის ტყუილი, მტკნარი სიცრუე. “სოციალ-დემოკრატებს” გვაქვს ჩვენი ფრაქცია, ეს არის ფრაქცია “ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატები”. აქედან გამომდინარე, ამაზე ნებისმიერი სპეკულაცია უნდა დაასრულოს” – განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობაში ორი ფრაქცია შეიქმნება. პირველი არხის ინფორმაციით, ერთ-ერთი ფრაქციის ხელმძღვანელი ბიძინა გეგიძე იქნება, ხოლო მეორე ფრაქციას გოჩა ენუქიძე უხელმძღვანელებს.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში რვა ფრაქცია ჩამოყალიბდება. როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დროისთვის, უმრავლესობაში ექვსი ფრაქციაა და დამატებითი ფრაქციების შექმნა უკეთესი მენეჯმენტისთვის და კოორდინირებისთვის ხდება.