ბექა ნაცვლიშვილი - ახალი ფრაქციების შექმნა საპარლამენტო ცხოვრებაში უფრო მეტი მუხტის შეტანას ითვალისწინებს
თუ ოპოზიცია ფიქრობს, რომ ახალი ფრაქციების შექმნა ბიუჯეტს ტვირთად აწვება, მაშინ თავად გააუქმონ ის ფრაქციები, რომლებიც ხელოვნურად შექმნეს, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ახალი ფრაქციების შექმნა საპარლამენტო ცხოვრებაში უფრო მეტი მუხტის შეტანას ითვალისწინებს.
„მიუხედავად იმისა, ფრაქციების შექმნა იწვევს თუ არა ხარჯებს, ამ უფლებას პარლამენტარებს ვერ წავართმევთ, ვინაიდან ეს არის პარლამენტარიზმის ერთ-ერთი ფუნდამენტური შემადგენელი ნაწილი” – განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობაში ორი ფრაქცია შეიქმნება. პირველი არხის ინფორმაციით, ერთ-ერთი ფრაქციის ხელმძღვანელი ბიძინა გეგიძე იქნება, ხოლო მეორე ფრაქციას გოჩა ენუქიძე უხელმძღვანელებს.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში რვა ფრაქცია ჩამოყალიბდება. როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დროისთვის, უმრავლესობაში ექვსი ფრაქციაა და დამატებითი ფრაქციების შექმნა უკეთესი მენეჯმენტისთვის და კოორდინირებისთვის ხდება.