ბექა გონაშვილი - სხვადასხვა ბაზარზე გასვლა თუ გვინდა, იმ ბაზრებზე გასვლა კონკურენტუნარიანი უნდა იყოს
სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ძირითადად, უნდა იყოს, როგორც კარგი მარკეტოლოგი, რომელიც კვლევებს აწარმოებს, – ამის შესახებ ფერმერმა, მეწარმემ ბექა გონაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ სტუმრობისას განაცხადა.
„მაგალითად, USAID-ი რას აკეთებს ამერიკაში – აქვეყნებს კვლევებს, მაგალითად, ბანანის მოსავლის როგორი მოლოდინია სხვადასხვა ქვეყანაში. ეს იმ ქვეყნის ფერმერს თუ ბიზნესმენს უქმნის მოლოდინებს, თუ როგორ უნდა იმოქმედოს, ფასი როგორ უნდა წარმოიქმნას და ა.შ. ჩვენ შემთხვევაში, მგონია, რომ ამაში უფრო მეტად უნდა დაიხარჯოს ჩვენი რესურსები, რათა ფერმერს რაც შეიძლება, მეტი ინფორმაცია ჰქონდეს და ამის მიხედვით განსაზღვროს ნაბიჯები. მე, მაგალითად, სწორად არ მიმაჩნია ის, რომ ყველგან ვენახები უნდა გავაშენოთ. საერთოდ, სწორად არ მიმაჩნია ის, რომ ყველამ ვენახი ჩაყარა, ნუში, ზეთისხილი და ა.შ. ეს არ მგონია სწორი. ვფიქრობ, ამაზე მომზადებული უნდა იყოს ინფორმაცია და ადამიანებს უნდა ჰქონდეთ გააზრებული, რა როგორ გააკეთონ. იმავე მეცხოველეობაში დღეს საქონლის ხორცი რუსეთიდან ან უკრაინიდან რომ არ შემოდიოდეს, ერთი კგ ცოცხალი ხორცის ფასი ალბათ 50 ლარი და მეტი იქნებოდა. ამ დროს, ჩვენ შეგვიძლია ამ პროდუქციის ქვეყნის შიგნით წარმოება. ამისთვის რა გვჭირდება, დანახარჯების ოპტიმიზაცია, ფერმერების გამსხვილება თუ რა, უნდა იყოს მეტი ინფორმაციის მიწოდება“, – განაცხადა გონაშვილმა.
მისი თქმით, თუ სხვადასხვა ბაზარზე გასვლა გვინდა, იმ ბაზრებზე გასვლა კონკურენტუნარიანი უნდა იყოს.
„მე მგონია, ღვინის წარმოებაში კონკურენტუნარიანი არ ვართ. საქართველოში დახლზე ღვინის ფასი გაცილებით ძვირია, ვიდრე ევროპაში რომ იყიდო იმავე კლასის ღვინო. ეს ნიშნავს, რომ არ ვართ რაღაცაში კონკურენტუნარიანი და რაღაც უნდა შეიცვალოს. ამაში პირველი პრობლემა არის ცოდნის და გამოცდილების დონე, რომელიც არ გვაქვს; არ გვაქვს ტექნოლოგიებზე წვდომა და, რა თქმა უნდა, ვახდენთ სხვადასხვა რესურსის არასწორად ათვისება-გამოყენებას, მიწის რესურსი იქნება ეს თუ სხვა“, – განაცხადა გონაშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, მიწის რესურსის არასწორად ათვისება-გამოყენება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა.
„მე მეცხვარე ვარ, ცხვარი გვყავს და იმ ტერიტორიებზე, სადაც ცხვარს ვაძოვებ, შემიძლია, ერთ ჰექტარზე დავაგენერირო შემოსავალი, ვთქვათ, 500 ლარი. თუ იმავე ტერიტორიაზე გავასარწყავებ და მოვრწყავ, მაგალითად, კაკლოვან კულტურას, ზეთისხილს ან ნებისმიერი სხვას, შეიძლება, ჰექტარზე 10 000 ლარი მივიღო მოგება. ასეთ დროს დგება საკითხი, ცხვარი უნდა მყავდეს თუ ის კულტურა მქონდეს, რომელიც უფრო მეტ მოგებას მომიტანს? რა თქმა უნდა, ის, რაც მეტ მოგებას მომიტანს, მაგრამ მერე არის უკვე სასურსათო უსაფრთხოება, რაც ქვეყანას სჭირდება. ცხვარი გავზარდოთ, ზეთისხილი მოვიყვანოთ და ხორბალს საერთოდ არ მივაქციოთ ყურადღება? კი ბატონო, ეს საექსპორტო პროდუქტი კი არა, პირიქით, საიმპორტოა, მაგრამ შიდა უსაფრთხოება აუცილებლად უნდა გვქონდეს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა გონაშვილმა.
ბექა გონაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ თავის დროზე, ხუთ ჰექტრამდე მიწაზე გადასახადების მოხსნა არასწორი გადაწყვეტილება იყო.
„2004 წელს, ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ რომ მოვიდა, ხუთ ჰექტრამდე მიწაზე გადასახადები მოხსნეს, რაც არის ერთ-ერთი დამანგრეველი ფაქტორი. იმიტომ, რომ ვიღაცებს მიწა უგდიათ, არ ამუშავებენ, მაგრამ იმის გვერდით არის ადამიანი, რომელსაც შეიძლება, 10-20 ჰექტარი აქვს და იმისთვის უკვე რენტაბელურია, იქ ტრაქტორი ჩაიყვანოს ან კომბაინი მიიყვანოს. ერთი ჰექტრისთვის არც ტრაქტორი წავა და არც კომბაინი. ამიტომ არის მერე, რომ ჩვენთან ხორბალი ყოველთვის ღირს ძვირი“, – განაცხადა გონაშვილმა.
მისივე თქმით, სოფლის მეურნეობაში სენტიმენტების დრო არ არის და ეს სფერო ბიზნესი უნდა იყოს.
„მე-18 საუკუნის მეცხვარე და დღევანდელი მეცხვარე იმით განსხვავდება, რომ, შეიძლება, დღევანდელ მეცხვარეს მობილური ტელეფონი უჭირავს ხელში, სადღაც რეკავს ხოლმე და, შეიძლება, „ადიდასი“ ეცვას ფეხზე, თორემ დანარჩენი, ჩვენი მეურნეობის ტიპი არაფრით არ განსხვავდება. შესაბამისად, თუ რამე არ შეიცვალა, საქართველოში მეცხვარეობა კვდება და მოკვდება. გაიზარდა სახელფასო ანაზღაურება, მწყემსს ვერ შოულობ, ბევრი სხვადასხვა შემაფერხებელი გაქვს და შემოსავალი ვეღარ ფარავს გასავალს“, – განაცხადა ბექა გონაშვილმა.