ბექა გონაშვილი - ხორცისა და რძის პროდუქტების ხარისხის სანდოობისთვის ამ სექტორში დასაქმებულთა ცოდნა უნდა ამაღლდეს
ბექა გონაშვილი - ხორცისა და რძის პროდუქტების ხარისხის სანდოობისთვის ამ სექტორში დასაქმებულთა ცოდნა უნდა ამაღლდეს

ქვეყანაში ხორცისა და რძის პროდუქტების ხარისხის სანდოობისთვის ამ სექტორში დასაქმებული ადამიანების ცოდნის დონე უნდა ამაღლდეს, წვრილ საოჯახო მეურნეობებში დასაქმებულ კერძო პირებს უნდა განემარტოთ, რომ ერთი და ორი ძროხის მოწველით მიღებული ყველის დამზადება არ არის რენტაბელური და სურსათის უსაფრთხოების კუთხით რისკებს შეიცავს, – ამის შესახებ მეცხვარეთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ბექა გონაშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.

გადაცემაში ადგილობრივი წარმოების ხორცპროდუქტებისა და რძის პროდუქტების წარმოებისა და ხარისხის პრობლემები განიხილეს.

გონაშვილის თქმით, აღნიშნული ინდუსტრია დღეს არასახარბიელო მდგომარეობაშია, თუმცა ფერმერები აცნობიერებენ, რომ საჭიროა ცვლილებები, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და ცოდნის დონის ამაღლება.

„ზოგადად, პროდუქციის წარმოება დღეს არცთუ სახარბიელო მდგომარეობაშია, მაგრამ ვფიქრობ, ბევრი ფერმერი ხვდება, რომ საჭიროა ტრანსფორმაცია და თანამედროვე ტექნოლოგიებზე გადასვლა. ეს ეხება როგორც ჯიშთა გაუმჯობესებას, ისე ვეტერინარულ მომსახურებას და ა.შ.“, – განმარტა ბექა გონაშვილმა.

დისკუსიისას აღინიშნა, რომ არსებული ტენდენციით, ხორცით მოვაჭრე მაღაზიები ადგილობრივი წარმოების ახალ ხორცს იმპორტირებულ გაყინულ ხორცს ამჯობინებენ.

გონაშვილის განცხადებით, სურსათის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკებიდან გამომდინარე, შესაძლოა, გაყინული ხშირად ჯობდეს კიდეც, თუმცა, მომხმარებელმა ეს უნდა იცოდეს. ხშირია, როცა გაყინულ ხორცს, როგორც ახალს ისე ყიდიან.

ამასთან, როგორც გონაშვილი აცხადებს, რისკის შემცველია ქუჩაში რეალიზებული ყველიც.

„ქუჩაში რა ყველიც იყიდება, ეს არის ბებოს ყველი. მაღაზიაში რეალიზაციისთვის ყველი დამზადებული უნდა იყოს ხარისხის შესაბამისობის დამადასტურებელი ე.წ. ჰასპის სერტიფიკატის მქონე საწარმოში, რაც ბებოს ყველს არ სჭირდება, თუმცა საფრთხის შემცველია. ძალიან ბევრი კვლევა არსებობს, რომ საქართველოში გავრცელებულია ბრუცელოზი. ეს ისეთი დაავადებაა, რომელიც რძიდან და რძის პროდუქტებიდან ადამიანზე გადადის. თუ პროდუქტი 70 გრადუსზე მოიხარშა, ეს ბაქტერია კვდება, მაგრამ ზოგადად, ეს პრობლემა ქვეყანაში არის“, – განმარტა გონაშვილმა.

მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ სახლის პირობებში ყველის დამზადებით დაკავებულ ადამიანებს ერთი მხრივ, უნდა აუხსნან, რატომ არის ერთი და ორი საქონლიდან მიღებული რძით ყველის დამზადება არარენტაბელური და მეორეს მხრივ, უნდა შესთავაზონ ალტერნატივა.

„სოფელში ერთი და ორი, თუნდაც ხუთი ძროხის მოწველით ყველის გაკეთება არ არის რენტაბელური. სამწუხაროდ, არავინ არის ქვეყანაში, რომ ეს დეტალურად ახსნას. შემიძლია, ციფრებით ავხსნა რატომ. ჩვენი საქონელი წელიწადში საშუალოდ 200-250 დღე იწველება, მაშინ, როცა თანამედროვე ჯიშის საქონელი იწველება 305 დღე, თანაც ისინი ექვს, შვიდ, ზოგჯერ 12 ტონა რძეს იძლევიან წლის განმავლობაში. ჩვენი ძროხები კი, საშუალოდ წელიწადში ერთ ტონას იწველებიან, თანაც წველადობის პერიოდი იმ დროს ემთხვევა, როცა ყველაზე მეტი რძეა ბაზარზე. ამიტომ საოჯახო მეურნეობების პატრონები იძულებული არიან, ფასი დაწიონ. 100 ლიტრი რძიდან ყველაზე მეტი შემოსავალი შესაძლოა, იყოს 500 ლარი. ამას საოჯახო მოხმარებისთვის რძის გამოყენებასაც თუ დავამატებთ, ჩათვალეთ, რომ ამ ადამიანების მოგება არის ნული, მაგრამ ეს მიდგომა რომ დასრულდეს, მათ ალტერნატივა უნდა შევთავაზოთ“,  –  განაცხადა ბექა გონაშვილმა.

დატოვე კომენტარი