ბექა ფერაძე - შემოწმებისას ყველა ბიზნესის მიმართ ერთიანი მიდგომები გვაქვს, ეს არის გარანტი, რომ რეკომენდაციები შესრულდება
ყველა ბიზნესის მიმართ ერთიანი მიდგომები გვაქვს და ეს არის გარანტი, რომ რეკომენდაციები შესრულდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ზოგადად რეკომენდაციებთან შესაბამისობის კუთხით ობიექტებს ჯანდაცვის უწყების შრომის ინსპექცია ამოწმებს, თუმცა მაგალითად კვების ობიექტებთან დაკავშირებით პროცესში ჩართულია სურსათის უვნებლობის სააგენტოც.
„პროტოკოლებსა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებზე შემმოწმებელი არის შრომის ინსპექცია, რომელიც კოორდინაციას უწევს სხვადასხვა უწყებას. თუ ვისაუბრებთ რესტორნებსა და კვების ობიექტებზე, სურსათის ეროვნული სააგენტო არის ჩართული პროცესში, ასევე გვეხმარებიან მუნიციპალიტეტები, ზედამხედველობის სამსახურები, ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო აქტიურად არის ჩართული პროცესში და ჩვენ ერთობლივად ვახდენთ, პროფილური მიმართულებით კომპანიების შემოწმებას. საბოლოო ჯამში ეს მონაცემები თავს იყრის ჯანდაცვის სამინისტროში, სპეციალური პროგრამა არსებობს, რომლის მიხედვითაც, ერთიანი მიდგომები გვაქვს ყველა ბიზნესის მიმართ და ეს არის გარანტი იმისა, რომ რეკომენდაციები იქნება შესრულებული, მიდგომები იქნება ერთნაირი და მოხდება ვირუსის გავრცელების პრევენცია“, – აცხადებს ბექა ფერაძე.