ბექა ფერაძე - 120 შემოწმებული ობიექტიდან 55-მა კომპანიამ საქმიანობის გაგრძელების რეკომენდაცია ვერ მიიღო
დღეის მდგომარეობით, 120 ობიექტია შემოწმებული, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე გეგმური შემოწმების მიმართულებით. აქედან, 55-მდე კომპანიამ ვერ დააკმაყოფილა ჯანდაცვის სამინისტროს ახალი მოთხოვნები. შესაბამისად, მათ ვერ მიიღეს დადებითი რეკომენდაცია და ვერ მოხდება მთავრობასთან შუამდგომლობა საქმიანობის გაგრძელების ნებართვების გაცემის თაობაზე, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
გადაცემაში კორონავირუსით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის ფონზე ბიზნესის საქმიანობის პერიპეტიები განიხილეს, რომელსაც შრომის უსაფრთხოების სტანდარტული მოთხოვნების გარდა, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ვირუსთან ბრძოლისთვის განსაზღვრული უსაფრთხოების ახალი ნორმების დაცვაც უწევს.
გადაცემის მსვლელობისას აღინიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამო, მთავრობის ე.წ. 181-ე დადგენილებით მხოლოდ ბიზნესის ნაწილს მიეცა საქმიანობის გაგრძელების უფლება, ისიც იმ შემთხვევას, თუ ჯანდაცვის სტრუქტურების მიერ განსაზღვრულ ეპიდემიასთან ბრძოლის უსაფრთხოების დამატებით ნორმებს იცავს. თუმცა იმ კომპანიებს, რომლებიც დაასაბუთებენ, რომ მათი საქმიანობის გაგრძელება კრიტიკულად მნიშვნელოვანია და უსაფრთხოების ახალი რეგულაციების დაცვაც შეუძლია, აქვთ შესაძლებლობა, რომ სათანადო ნებართვის მიღების შემდეგ საქმიანობა გააგრძელონ. ნებართვის მიღება მათ მხოლოდ შრომის უსაფრთხოების ინსპექციისა და ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ერთობლივი რეკომენდაციის მიღების შემდეგ შეუძლიათ.
ბექა ფერაძის განმარტებით, ახალი რეკომენდაციების შემუშავება და გაცემა ერთი თვის განმავლობაში ეკონომიკის 15 სექტორზე მოხდა, რათა კომპანიებმა საგანგებო ვითარებაში ადაპტაცია და საქმიანობის გაგრძელება შეძლონ. რეკომენდაციების შემუშავებაში მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით მოხდა და მუშაობაში ინფექციონისტთა ასოციაციაც იყო ჩართული. დღეის მდგომარეობით, ასზე მეტი ობიექტია შემოწმებული და აქედან თითქმის ნახევარმა გამკაცრებული მოთხოვნები დააკმაყოფილა.
„დღეის მდგომარეობით შევამოწმეთ 120 ობიექტი, როგორც ინფრასტრუქტურული ობიექტები ასევე გეგმური მონიტორინგი, ინსპექტირებას ორივე მიმართულებით ვახორციელებთ. პირველი ეს არის 181-ე დანართით განსაზღვრული კომპანიების გეგმიური მონიტორინგი. მართალია, მათ 181-ე დადგენილებით ფუნქციონირება არ შეუწყვეტიათ, მაგრამ მკაცრად კონტროლდება, თითოეული კომპანია რამდენად ახდენს ოპერირებას ჯანდაცვის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში. თუ ასეთი ფაქტი არ დადასტურდება, შესაბამისი სანქცირებაა ამისთვის გათვალისწინებული. თუმცა ხაზს ვუსვამ, რომ შემოწმების მიზანი ეს არ არის. არამედ მიზანია კომპანიის ადაპტირება, რომ ხელი შევუწყოთ კომპანიას ახალი მოთხოვნების დაკმაყოფილებაში. მეორე არის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო გვაწვდის ეტაპობრივად და ზედამხედველობას ვახორციელებთ. შედეგად 120 კომპანიიდან დახლოებით ნახევარი აკმაყოფილებს მოთხოვნებს. 55-მდე კომპანიამ ვერ დააკმაყოფილა ის მოთხოვნები და მათ არ მიეცათ დადებითი რეკომენდაცია. შესაბამისად, მათზე ვერ მივმართავთ მთავრობას შუამდგომლობით ნებართვების მინიჭების თაობაზე. კომპანიებს, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, მზად ვართ მუდმივად მივაწოდოთ ინფორმაცია და უკვე დღეს მივმართავთ შესაბამის ორგანოს მათზე შუამდგომლობით, სადაც ჩვენი და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ერთობლივი დასკვნა იქნება შედგენილი“, – განუცხადა ბექა ფერაძემ „ბიზნესპარტნიორს“.