ბექა ბასილაია - გიგი უგულავას პროცესი არის ცალსახად პოლიტიკური გადაწყვეტილება
თბილისის განვითარების ფონდის საქმე განიხილა მოსამართლე შალვა თადუმაძემ, რომელიც გენერალური პროკურორი იყო ამ საქმის სააპელაციო საქმის წარმოებისას, ეს ნიშნავს, რომ გიგი გაასამართლა გენერალურმა პროკურორმა, – ამის შესახებ გიგი უგულავას ადვოკატმა, ბექა ბასიალაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, გიგი უგულავას პროცესი არის ცალსახად პოლიტიკური გადაწყვეტილება.
„სასამართლომ სასჯელად გიგი უგულავას დაუდგინა ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამნისტიის კანონის საფუძველზე განახევრდა. ამას გამოაკლდა ის პერიოდი, რაც გიგი უგულავას გატარებული ჰქონდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება გადაიგზავნება აღსასრულებლად. პროცედურულად ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. გიგი უგულავას აქვს თავისულფების აღკვეთა მისჯილი.
ეს არის ცალსახად პოლიტიკური გადაწყვეტილება. საქმე განიხილა მოსამართლე შალვა თადუმაძემ, რომელიც გენერალური პროკურორი იყო ამ საქმის სააპელაციო საქმის წარმოებისას. ეს ნიშნავს, რომ გიგი გაასამართლა გენერალურმა პროკურორმა. გენერალური პროკურორი იყო მისი საქმის მოსამართლე. სამართლიან სასამართლოზე, ობიექტურ მართლმსაჯულებაზე საკითხებს წერტილი აქვს დასმული.
როგორც ორი თვის წინ დააანონსა ბიძინა ივანიშვილმა, რომ იქნებოდა დაჭერები, ეს საქმე სისრულეში მოიყვანა. პირველი მსხვერპლი მისი ამ განცხადების შემდეგ არის გიგი უგლავა. დღეს მოხდა იმის ლუსტრირება რომ 14 მოსამართლე დაჩქარებული წესით რისთვის იქნებ შერჩეული. ეს მოსამართლეები არიან ჯალათები და სამარცხვინო ჯამბაზები“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო და მას სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა.