თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ – „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, „თბილსერვის ჯგუფის“ ტერიტორიაზე მდებარე საწყობში ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნებოდა.
შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და ადგილზე 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი გამოცხადდა. ცეცხლი საწყობებს, მათ მიმდებარედ არსებულ მუყაოს ყუთებს და სხვადასხვა სახის ნივთებს ეკიდა.
მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებს განაგრძობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 60-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და სპეციალური ტექნიკა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.