თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, „თბილსერვის ჯგუფის“ ტერიტორიაზე მდებარე საწყობში ხანძარი ლიკვიდირებულია.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ – „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, „თბილსერვის ჯგუფის“ ტერიტორიაზე მდებარე საწყობში ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნებოდა.
შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და ადგილზე 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი გამოცხადდა. ცეცხლი საწყობებს, მათ მიმდებარედ არსებულ მუყაოს ყუთებს და სხვადასხვა სახის ნივთებს ეკიდა.
მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, ხანძრის ლოკალიზაცია მოკლე დროში მოხდა, ამ დროისთვის კი, ხანძარი სრულად არის ლიკვიდირებული.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 60-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და სპეციალური ტექნიკა იყო ჩართული.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი და სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.