ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით, ბელგოროდის ოლქზე თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
რუსეთში, ბელგოროდის ოლქზე თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის ინფორმაციით, უკრაინის მიერ ქალაქ ბელგოროდსა და ბელგოროდის ოლქზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა და 46 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, მათ შორის ექვსი ბავშვია.
მისივე ინფორმაციით, შვიდი მოზრდილი და სამი ბავშვი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
გლადკოვმა „ტელეგრაფში“ დაწერა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელგოროდზე თავდასხმა „ვამპირის“ ტიპის რეაქტიული სისტემებიდან გაშვებული კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებით განახორციელეს.
მისი თქმით, რამდენიმე საჰაერო სამიზნე ქალაქთან მიახლოებისას ჩამოაგდეს.
ბელგოროდში დაზიანდა მრავალსართულიანი სახლები, რამდენიმე სოციალური და კომერციული ობიექტი, ავტომობილები.
გლადკოვმა ასევე აღნიშნა, რომ ბელგოროდის რაიონის სოფელ დუბოვოეში ორი კერძო სახლი, მსუბუქი ავტომობილი და ავტოფარეხი დაიწვა.
უკრაინის სამხედროებს თავდასხმასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ბელგოროდის ოლქი უკრაინის ხარკოვის ოლქს ესაზღვრება.
30 აგვისტოს რუსეთის საჰაერო იერიშის შედეგად ხარკოვში, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვია, 97-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.