ბელგიის სახელმწიფო მდივანი - თავშესაფრის მოთხოვნებზე საქართველოს მოქალაქეებს ძირითადად უარს ეუბნებიან, რადგან ბელგია საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად განიხილავს
თავშესაფრის მოთხოვნებზე საქართველოს მოქალაქეებს ძირითადად უარს ეუბნებიან, რადგანაც ბელგია საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად განიხილავს, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანმა ნიკოლ დე მურმა განაცხადა.
მისივე თქმით, თავშესაფარს არასდროს აძლევენ ეკონომიკური მიზეზების გამო.
„ვგრძნობ, რომ აქ არის ოპტიმიზმის შეგრძნება და მომდევნო რამდენიმე წელი იქნება შესანიშნავი. ველოდები შესაძლებლობების მეტ განვითარებას ახალგაზრდა ადამიანებისთვის საქართველოში. ისინი წარმოადგენენ მომავალს. მინისტრ გომელაურთან მქონდა კარგი დისკუსია. ჩვენ დავადასტურეთ, რომ ბელგია და საქართველო პარტნიორები არიან. მივესალმები იმ ქართველებს, რომელთაც სურთ გამოცდილების მიღება, სწავლა ან მუშაობა ბელგიაში. ამისთვის კი ჩემი ქვეყანა შემოიღებს სპეციალურ პროცედრურებს და კრიტერიუმებს. ჩემი ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი არის ამ პროცედურების უფრო კარგად გამართვა, რადგანაც შევნიშნე, რომ ვრცელდება ბევრი ე.წ. ფეიკნიუსი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება, მიგრაცია ბელგიაში. არსებობს მიგრაციის კანონიერი და უკანონო გზები. ამიტომ, ფუნდამენტური მნიშვნელობის მატარებელია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა მიიღონ სწორი ინფორმაცია და მიგრაცია მოხდეს კანონიერად, რათა მათ არ დახვდეთ არასასიამოვნო სიურპრიზები ბელგიაში ჩასვლის შემდეგ. ეს საკითხი ეხება საკუთრი თავის დაცვას მოულოდნელი სირთულეებისგან საზღვარზე ან თქვენი ყოფნის დროს ბელგიაში. არსებობს სამი სპეციფიკური საკითხი, რომელიც მინდა, გამოვყო. პირველი არის ის, რომ თავშესაფრის მოთხოვნებზე საქართველოს მოქალაქეებს ძირითადად უარს ეუბნებიან, რადგანაც ბელგია საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად განიხილავს.
თავშესაფარს არასდროს ვაძლევთ ეკონომიკური მიზეზების გამო. უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღება სწრაფად და მათ, ვინც ვერ აკმაყოფილებენ კრიტერიუმებს, მოუწევთ ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვება. მათ, ვინც ჩამოდის ბელგიაში, მოუწევთ ქვეყანაში შესვლის პირობების დაკმაყოფილება და ვიზის გარეშე ბელგიაში დარჩენა მხოლოდ განსაზღვრული პერიოდით შეეძლება. საზღვარზე იქნება მკაცრი შემოწმება. მესამე, თუ თქვენ გაგაჩერებენ საზღვარზე ან ვიზის გარეშე მოგთხოვენ საქართველოში დაბრუნებას, და თუ საჭიროა, ძალით დაგატოვებინებენ ქვეყანას, ჩვენმა ქვეყნებმა შეიმუშავეს ეფექტური პროცედურა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს მოგზაურობის აკრძალვას. ბოლო რჩევა, რომელიც მინდა, გავცე, არის ის, რომ საქართველო სწრაფად ვითარდება. რეკომენდაციას ვაძლევ ახალგაზრდებს, ეძებეთ ადგილობრივი შესაძლებლობები, საქართველოში არსებობს შესაძლებლობები და ბელგიაში ცხოვრება ყოველთვის იოლი არ არის. მინდა, კიდევ ერთხელ ვუთხრა მადლობა საქართველოს ხელისუფლებას კარგი თანამშრომლობისთვის ჩვენ ქვეყნებს შორის ორმხრივი მიგრაციის საკითხზე“, – განაცხადა ნიკოლ დე მურმა.
ნიკოლ დე მურის განცხადებით, საქართველოდან ბელგიაში თავშესაფრის მთხოვნელთა მიმართვიანობა გაიზარდა.
მისივე განმარტებით, მიმდინარე წლის ივლისამდე პერიოდში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ბელგიაში თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობამ 613 შეადგინა.
„თავშესაფრის მთხოვნელთა მომართვიანობა გაიზარდა. ჩვენ ვხედავთ ზრდას ბევრი ქვეყნიდან, მაგრამ ამ დროისთვის საქართველო არის პირველ ათეულში ბელგიაში თავშესაფრის მთხოვნელთა მხრივ. ეს ნამდვილად არ შეესაბამება თქვენი ქვეყნის პროფილს სხვა ქვეყნებთან შედარებით, რადგან საქართველო ითვლება უსაფრთხო ქვეყნად ჩვენს თავშესაფრის გაცემის პროცედურაში, რაც ნიშნავს, რომ მიღების ალბათობა არის დაბალი, მაგრამ ჩვენ მაინც ვხედავთ განაცხადების რაოდენობის ზრდას. მიმდინარე წლის ივლისამდე არის 613 განაცხადი ქართველებისგან და ამის გამო აუცილებელია ცნობიერების ამაღლება, ინფორმაციის გავრცელება, რომ თავშესაფარი არ გაიცემა ეკონომიკურ საფუძვლებზე და ეს მნიშვნელოვანია. საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა ჩვენს თავშესაფრის გაცემის პროცედურებში, რაც ნიშნავს, რომ ძალიან სწრაფი პროცედურებია, გადაწყვეტილება მიიღება სწრაფად და განაცხადის დაბრუნება, რეადმისია საქართველოში ხდება ძალიან სწრაფად, ორგანიზებულად, რადგან ქვეყნებს შორის ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს“, – აღნიშნა ნიკოლ დე მურმა.