ბაზრობებზე სავალდებულო დაზღვევა ორ დღეში უნდა ამოქმედდეს
ბაზრობებზე სავალდებულო დაზღვევა ორ დღეში უნდა ამოქმედდეს

მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა პირველი მარტიდან ამოქმედდება.

მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის დადგენილების თანახმად, მფლობელების მიერ მესამე პირის დაზღვევა იმოქმედებს შემდეგ ობიექტებზე:

სავაჭრო ცენტრი; ბაზრობა (გარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციისათვის განკუთვნილი სპეციალური სავაჭრო ზონის ან ავტობაზრობისა);

ავტოგასამართი ან/და აირგასამართი სადგური და სასტუმრო (100 და მეტადგილიანი სასტუმრო, დასასვენებელი სახლი).

დადგენილების თანახმად, სავაჭრო ცენტრის/ბაზრობის შემთხვევაში დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებულ ზიანზე სადაზღვევო ლიმიტი განისაზღვრება 300 000 ლარით; ხოლო ობიექტში კომერციული საქმიანობით დაკავებული მეწარმე სუბიექტის ქონებისთვის (მოძრავი ქონება, მარაგები) მიყენებულ ზიანზე − ობიექტში ფუნქციონირებადი კომერციული ობიექტების რაოდენობის ნამრავლით 15 000 ლარზე, არაუმეტეს 15 მილიონი ლარისა.

თბილისში, ბაზრობა „თერგის“ მოვაჭრეები, სადაც ამ დროისთვის ხანძარია, აცხადებენ, რომ დაზღვევა ჯერ არ ჰქონდათ გაკეთებული. ცაბაძის ქუჩაზე არსებული ბაზრობის მესამე სართული იწვის.

ბაზრობა „თერგის“ მფლობელი შპს „თერგი 1“-ა, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემებით 1995 წელს არის რეგისტრირებული. კომპანიის საქმიანობის სფეროს ბაზრობები და კომერციული ფართების იჯარით გაცემა წარმოადგენს. ბოლო მონაცემებით, კომპანიის დირექტორად ჯემალ ქადაგიშვილი ფიქსირდება. კომპანიის მოწილე კი, მასთან ერთად 5 ფიზიკური და 1 იურიდიული პირია.