ბათუმში სამუშაო ვიზიტით ფიდე-ს დელეგაცია იმყოფება
ბათუმში სამუშაო ვიზიტით ფიდე-ს დელეგაცია იმყოფება

საქართველო მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადისთვის ემზადება. ოლიმპიადა ბათუმში 23 სექტემბიდან 6 ოქტომბის ჩათვლით გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს 180-ზე მეტი ქვეყნის 4 000-მდე მოჭადრაკე და ოფიციალური პირი.

საჭადრაკო ოლიმპიადის ჩასატარებლად სამთავრობო კომისია შეიქმნება, მანამდე კი ბათუმში საქართველოს მთავრობის წევრებისა და ფიდე-ს (მსოფლიო საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაცია) ოფიციალური დელეგაციის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ბათუმს ეწვივნენ კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილეები კახა კანდელაკი, შალვა გოგოლაძე და მუხრან შამათავა, ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე და ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი.

ფიდეს დელეგაციას ხელმძღვანელობს ფიდე-ს პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ფიდე-ს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გეორგიუს მაკროპულოსი ( საბერძნეთი). დელეგაციის წევრები არიან ფიდე-ს ვიცე-პრეზიდენტი ისრაელ გელფერი (ისრაელი), ფიდე-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯეფრი ბორგი (მალტა) და ექსპერტი მოშე სლავი (ისრაელი).

აჭარის მთავრობის მეთაურთან, ზურაბ პატარაძესთან და კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან ერთად ფიდე-ს მაღალჩინოსნებმა ბათუმის მშენებარე სპორტის სასახლე დაათვალიერეს, სადაც საჭადრაკო ოლიმპიადის ჩატარება იგეგმება.  აჭარის მთავრობის  ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე კი მხარეებმა დაგეგმილი ოლიმპიადის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.

„ბათუმში შედგა პირველი შეხვედრა ფიდეს ვიცე-პრეზიდენტთან გეორგიუს მაკროპულოსთან და მისი დელეგაციის წევრებთან. ჩვენ დავათვალიერეთ ის დარბაზები, სადაც საჭადრაკო ოლიმპიადა უნდა ჩატარდეს, ასევე დავათვალიერეთ ის ადგილი სადაც ახალი, დამატებითი დარბაზი უნდა აშენდეს. დავსახეთ კონკრეტული სამოქმედო გეგმა. შევთანხმდით იმაზე, რომ შემდეგი ინსპექტირების ვიზიტი მოხდება უკვე მარტში“, -განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

“საჭადრაკო ოლიმპიადის ბათუმში ჩატარებას  ქვეყნისა და რეგიონის ცნობადობის ამაღლების კუთხით უმნიშვნელოვანესი სპორტული ღონისძიებაა. სპორტის სასახლის მშენებლობა დამამთავრებელ ეტაპზეა, მიმდინარეობს მე-3 დარბაზის მშენებლობა და გარე პერიმეტრის მოწესრიგება. ცენტრალური და რეგიონული მთავრობის ყველა შესაბამისი უწყება ყოველდღიურ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას ოლიმპიადის ღირსეული მასპინძლობისთვის“, -აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

„ძალიან სასიამოვნო შეხვედრა გვქონდა. ბათუმი ძალიან მომწონს. აქ რამდენჯერმე ვარ ნამყოფი. ბოლოს 4 წლის წინ ვიყავი. ქალაქში მიმდინარე განვითარებამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მჯერა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც აქ ჩამოვლენ, ძალიან მოეწონებათ ბათუმი. ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა აჭარის მთავრობაში. მოსამზადებელი სამუშაოები სწორი განრიგით მიმდინარეობს. ერთადერთი რაზეც ვამახვილებთ ყურადღებას, ეს არის დამატებითი შენობის მშენებლობის საკითხი. თუმცა შეხვედრაზე განხილვის დროს მთავრობის თავმჯდომარემ და მინისტრმა აღნიშნეს, რომ ყველაფერი თავის დროზე მოესწრება. ჩვენ მარტში ისევ ჩამოვალთ, რათა მოსამზადებელ სამუშაოებს გავეცნოთ”, – განაცხადა გეორგიუს მაკროპულოსმა.

მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს 180-ზე მეტი ქვეყნის 4 000-მდე მოჭადრაკე და ოფიციალური პირი. ტურნირის პარალელურად გაიმართება  ფიდე-ს კონგრესი, მსოფლიო საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციისა და  ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტების არჩევნები. ოლიმპიადის გახსნის ცერემონია შეკვეთილში, „ბლექ სი არენაზე“ გაიმართება.