ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი მამაკაცი კლინიკაში მართვით სუნთქვაზე რჩება, მისი მდგომარეობა მძიმედ ფასდება
ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი მამაკაცი კლინიკაში მართვით სუნთქვაზე რჩება, მისი მდგომარეობა მძიმედ ფასდება

ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი 36 წლის მამაკაცი ბათუმის კლინიკა „მედცენტრში“ მართვით სუნთქვაზე რჩება, მისი მდგომარეობა მძიმედ ფასდება.

რეანიმატოლოგ ჯემალ გელაშვილის ინფორმაციით, მამაკაცს აქვს მრავლობითი მოტეხილობები და აღენიშნება ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი.

„პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის რჩება მძიმე. ღამის განმავლობაში რჩებოდა მძიმე, თუმცა სიტუაცია კონტროლირებადია ამ ეტაპისთვის. პაციენტს გუშინ ჩაუტარდა მთელი რიგი ლაბორატორიული ანალიზები, სპეციალისტების კონსულტაციები. გამოტანილია დიაგნოზი: სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი. ეს არის წინასწარი დიაგნოზები. მდგომარეობა არის მძიმე, საყურადღებო. დაგეგმილია კიდევ მთელი რიგი კვლევები. მარცხენა წვივის მოტეხილობა აქვს, ასევე მარჯვენა ზედა კიდურის დაჟეჟილობა“, – განაცხადა ექიმმა.

რაც შეეხება ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან გვიან ღამით ამოყვანილ ქალს, ის კლინიკაში დაახლოებით ერთი საათის წინ გარდაიცვალა.

ამასთან, ნანგრევებში მაშველების მიერ ნანახი იყო ხუთი ცხედარი.

შსს-ს ინფორმაციით, ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, როგორც საძიებო-სამაშველო ღონისძიებები, ასევე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა.