ბათუმში მეორე სართულიდან მცირეწლოვანი გადმოვარდა
ბათუმში მეორე სართულიდან მცირეწლოვანი გადმოვარდა

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე მეორე სართულიდან წლისა და ოთხი თვის ბავშვი გადმოვარდა. ოჯახის წევრები შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდნენ.

დაშავებული ბავშვი ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში გადაიყვანეს. როგორც პირველ არხს სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

„ბავშვი გადაუდებელი მედიცინის ცენტრშია მოთავსებული, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად აღენიშნება ცალკეული დაზიანებები, თუმცა იგი კონტაქტურია და შეიძლება ითქვას, მისი მდგომარეობა სტაბილურია“, -განაცხადეს სამედიცინო ცენტრში.

ბავშვის ბაბუამ პირველ არხთან მომხდარის დეტალები გაიხსენა და აღნიშნა, რომ მცირეწლოვანი საწოლიდან მაგიდაზე, ხოლო შემდეგ ფანჯრის რაფაზე ავიდა, რა დროსაც სავარაუდოდ ფანჯარა გაიღო და ბავშვი გადავარდა.

„ყველაფერი წამებში მოხდა. საწოლიდან მაგიდაზე აჩოჩდა, შემდეგ კი ფანჯრის რაფაზე, სავარაუდოდ, ფანჯარა გაიღო და ბავშვი გადავარდა“, – იხსენებს ბავშვის ბაბუა.