ბათუმში ძებნა-გადარჩენისა და ავარიულად დაღვრილი ნავთობის ლიკვიდაციის წვრთნები იმართება
ბათუმში ძებნა-გადარჩენისა და ავარიულად დაღვრილი ნავთობის ლიკვიდაციის წვრთნები იმართება

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით, ბათუმში ძებნა-გადარჩენისა და ავარიულად დაღვრილი ნავთობის ლიკვიდაციის ნაციონალური წვრთნები (GEO SAR & OSR EX 2019) იმართება.

წვრთნებში ჩართულია ექვსი გემი, ოთხი კატარღა, ორი ბუქსირი და ერთი შვეულმფრენი.

ღონისძიება მიზნად ისახავს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნავთობის მე-2 დონის დაღვრასთან ბრძოლისთვის მზადყოფნისა და რეაგირების შესაძლებლობის შემოწმებას. ასევე კომპეტენტური ორგანოების კოორდინირებული მოქმედებების დამუშავებას ზღვაზე ადამიანის ძებნა-გადარჩენის ოპერაციის, ავარიული გემებისთვის დახმარების გაწევის ფართომასშტაბიანი ოპერაციის ორგანიზებისა და ზღვასა და ხმელეთზე ნედლი ნავთობის დაღვრის ლიკვიდაციის სრულმასშტაბიანი ოპერაციის ჩატარების დროს.

„ზღვაში ნავთობის დაღვრაზე რეაგირების ეროვნული გეგმით“ გათვალისწინებული მოქმედებები მიმდინარეობს ორ ლოკაციაზე, ზღვასა და ნაპირზე. მასში სრულად არის ჩართული ეროვნული გეგმით გათვალისწინებული სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები.

ნაციონალურ წვრთნებს საპატიო სტუმრების რანგში ესწრებიან შავი ზღვის სანაპირო ქვეყნების ძებნა-გადარჩენის რიგით მე-15 კონფერენციის (15th Black Sea Search and Rescue Conference) მონაწილეებიც, რომელთა შორის არიან უკრაინის, რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის ზღვაზე ძებნა-გადარჩენის ოპერაციებზე პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლები, გერმანიის ზღვაზე ძებნა-გადარჩენის სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი კაპიტანი უდო ჰელგე ფოქსი და ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს (EMSA) წარმომადგენლები.