ბათუმში დედა და დეიდა დააკავეს, რომლებიც ოთხ არასრულწლოვანს მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნებით ვაჭრობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1997 წელს დაბადებული ა.პ. და 1984 წელს დაბადებული ქ.პ. დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები, ბოლო ერთი წლის განმავლობაში შვილებს და დისშვილებს, 6-დან 12 წლამდე ასაკის ოთხ არასრულწლოვანს იძულებით, ფსიქიკური ზეწოლისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენების გზით, სისტემატური მეთვალყურეობის ქვეშ, მოქალაქეებისგან მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ, ხოლო მათ მიერ გამომუშავებულ თანხებს მთლიანად ითვისებდნენ.
„სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღნიშნული ფაქტების დამადასტურებელი არა ერთი მტკიცებულება მოიპოვეს.
ამ ეტაპზე, დაზარალებული არასრულწლოვნები სახელმწიფო ზრუნვის სერვისებში არიან განთავსებულნი და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ ოჯახის სხვა წევრების მიმართ შემაკავებელი ორდერები გამოსცა.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნებით ვაჭრობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 143-ე სეკუნდა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.