ბათუმში დაკავებული ძმების მამა - დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა, ვერ შეგვაშინებენ, ბრძოლაზე ხელს არ ავიღებთ
ბათუმში დაკავებული ძმების მამა - დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა, ვერ შეგვაშინებენ, ბრძოლაზე ხელს არ ავიღებთ

ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი სპორტსმენები, სულ ექვსი პირი დააკავეს. დაკავებული არიან ძმები ფირუზ და რეზო წულუკიძეები, ასევე ძმები თამაზ და თორნიკე ჭელიძეები და მათი ბიძაშვილები, ირაკლი და გელა ჭელიძეები.

როგორც დაკავებულების ახლობლები და ენმ-ის წარმომადგენლები აცხადებენ, დაკავება მხოლოდ პოლიტიკური მოტივით განხორციელდა, რადგან ისინი ოპოზიციის მხარდამჭერები იყვნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბონდო თედორაძის განცხადებით, სპორტსმენებს ქუთაისში მოუწყეს პროვოკაცია და ეს გახდა დაკავების მიზეზი.

„ისინი იმყოფებოდნენ „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე. მათთან მივიდნენ ქუთაისელი სპორტსმენები და მოსთხოვეს, ტერიტორია დაეტოვებინათ, რადგან იყვნენ ოპოზიციის მხარდამჭერები, რაზეც უარი მიიღეს. ამას მოჰყვა დაპირისპირება. რა თქმა უნდა, ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია, რომ ჩვენი მხარდამჭერები დაეკავებინათ“, – აცხადებს ბონდო თედორაძე.

დაკავებულები ძმების მამის, ჯემალ ჭელიძის განცხადებით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით არის აღძრული.

„რა თქმა უნდა, პოლიტიკური დაკავებაა, მაგრამ ამით ჩვენ ვერ შეგვაშინებენ. ბრძოლაზე ხელს არ ავიღებთ“, – აცხადებს ჯემალ ჭელიძე.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით ექვსი პირი დააკავა. 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 12 აპრილს, ქალაქ ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში „ნამახვანჰესის” მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. ასევე, დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა. ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.