ბათუმში აფეთქების შედეგად დაშავებულთაგან საავადმყოფოში ოთხი ადამიანი რჩება
ბათუმში, ახვლედიანის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული შვიდი პირიდან სამმა საავადმყოფო უკვე დატოვა. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება ოთხი დაშავებული, მათ შორის ორი ბავშვი.
„შედარებით რთულ მდგომარეობაში მყოფ ქალბატონს ქალა-ტვინის დაზიანება არ დაუდგინდა. მას ნეკნების მოტეხლობა, ჭრილობები და სხეულის 10-პროცენტიანი დამწვრობა აქვს. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ დავტოვეთ ორი მოზარდიც. ერთ-ერთს ასევე ნეკნის მოტეხილობა აქვს. დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ.
შემთხვევის შედეგად დაზარალებული ცხრა ოჯახი კორპუსიდან ბათუმის მერიამ სასტუმროებში გადაიყვანა. დგინდება ზარალის ოდენობაც.
სამსართულიანი კორპუსის გარდა, დაზიანდა მიმდებარე სახლები, კომერციული ობიექტები და ავტომანქანები. შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ბუნებრივი აირის გამოყენების წესების დარღვევას გულისხმობს. გამოდგება თუ არა დაზიანებული კორპუსი საცხოვრებლად, ამას ექსპერტიზა დაადგენს.
ბათუმში, ჯინჭარაძის 12 ნომერში საცხოვრებელ სახლში აფეთქება რამდენიმე საათის წინ მოხდა.