ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ერთ-ერთი მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა დილის 07:00 საათზე მოხდა.
როგორც პირველ არხს მაღაზიის მეპატრონემ განუცხადა, მძარცველებმა სავარაუდოდ 250 ლარი მოიპარეს.
„დღეს 02:30 საათზე მაღაზია დავკეტეთ. როგორც კამერებმა დააფიქსირეს, მაღაზიაში ხუთამდე მძარცველი შევიდა და სიგნალიზაცია მალე ჩაირთო. ამის შემდეგ მათ ტერიტორია დაახლოებით ნახევარ წუთში დატოვეს. ხურდებით 100 ლარი წაიღეს, რომელსაც ვტოვებთ ხოლმე სალაროში, დანარჩენი კი სიგარეტები. ჯამში 250 ლარამდე წაიღეს“, – განაცხადა მაღაზიის მეპატრონემ.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იტყობინება, მეპატრონე უკვე იმყოფებოდა დაკითხვაზე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს და 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ერთი კვირის წინ, ამავე მაღაზიის წინ მარკეტი გაქურდეს. სავაჭრო ობიექტიდან 100 ლარი და სიგარეტი წაიღეს.