ბათუმის სტადიონის მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება
ბათუმის სტადიონის მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა დაგეგმილზე რამდენიმე თვით ადრე – მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფასადის არქიტექტურულ მემბრანაზე ლითონის კონსტრუქციის მონტაჟი და შიდა მოპირკეთების სამუშაოები. საინჟინრო კომუნიკაციის მონტაჟის 90% დასრულებულია. დასკვნით ეტაპზეა სტადიონის სახურავის გადახურვის სამუშაოები.

„ბათუმის სტადიონის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია, აღნიშნული ობიექტი წელს დასრულდება. მოგეხსენებათ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაანგრია სტადიონი, რომელიც ჰქონდა ბათუმს. სწორედ, ჩვენი ხელისუფლების დროს მოხდა შესაბამისი ფინანსური რესურსის მობილიზება, გამოცხადდა ტენდერი და ვხედავთ, რომ დღეის მდგომარეობით, სტადიონის ძირითადი ნაწილი თითქმის დასრულებულია. მინდა, მივულოცო ეს ამბავი ბათუმელებს, განსაკუთრებით ფეხბურთის გულშემატკივრებს.
სკამების ფერებზეც უკვე ჩამოყალიბებულნი ვართ და ეს იქნება იმ ფერის, როგორიც ბათუმის დინამოს და მათ გულშემატკივრებს გაუხარდებათ. დარწმუნებული ვარ, ეს სტადიონი არაერთ საინტერესო საფეხბურთო და არასაფეხბურთო სპორტულ ღონისძიებას უმასპინძლებს“, -განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

უახლოეს პერიოდში დაიწყება სკამების მონტაჟისთვის ტრიბუნების მომზადება, მინდვრის საფარის მოწყობის მოსამზადებელი სამუშაოები და განათება-გახმოვანების სისტემის დამონტაჟება.

სტადიონის მშენებლობაზე ამ ეტაპზე 450 ადამიანია დასაქმებული. სტადიონი UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებით შენდება და ის 20 000 მაყურებელზეა გათვლილი.