ბათუმის საქალაქო სასამართლოში მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმის განხილვა მიმდინარეობს
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმის განხილვა მიმდინარეობს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმის ყოფილი მერის, გიორგი ერმაკოვისა და კიდევ ექვსი მაღალჩინოსნის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

ადვოკატები პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვენ. დაცვის მხარის შუამდგომლობას მოსამართლე ამ წუთებში განიხილავს.

მოსამართლეს სიტყვით მიმართა გიორგი ერმაკოვმაც.

„გამოძიებასთან ვთანამშრომლობდი და ვითანამშრომლებ, მიმალვის ან მოწმეთა ზემოქმედების საფრთხე გამორიცხულია. მზად ვარ, ნებისმიერ დროს მივიდე პროკურატურაში და პოლიციაში. სამი წელია მომდინარეობდა ამ საქმის გამოძიება და ვერ მეტყვის პროკურორი ვერც ერთ შემთხვევას, როცა ჩვენ თავი ავარიდეთ გამოძიებას“, – განაცხადა გიორგი ერმაკოვმა.

ერმაკოვის ადვოკატმა, განაცხადა, რომ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი არ არსებობდა. მისივე თქმით, მერიის თანამშრომლებს მხოლოდ ის სურდათ, რომ სოციალური სახლი დროულად აშენებულიყო, სატენდერო კომისიისთვის წარდგენილი დოკუმენტები კი სატენდერო მოთხოვნებს სრულად შეესაბამებოდა. მისივე თქმით, მრავალგვერდიანი საქმიდან, მტკიცებულებები არ არსებობს.

„ეს არის სადამსჯელო სპეცოპერაცია“, – განაცხადა ლევან მახარაშვილმა.

პროცესის პარალელურად, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ერთ-ერთი დაკავებულის, ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის, არჩილ ვანაძის ოჯახის წევრები და ახლობლები აქციას მართავენ. ისინი ვაჩაძის გათავისუფლებას ითხოვენ. აქციის მონაწილეთა თქმით, ვაჩაძეს პროექტ „იაფი სახლის“ ტენდერთან შეხება არ ჰქონდა.

პროკურატურის ინფორმაციით, აჭარის მთავრობისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე არიან დაკავებულები. კერძოდ, დაკავებულები არიან ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბაგრატ მანველიძე, ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი არჩილ ვანაძე, ბათუმი მერიის და სამინისტროების თანამშრომლები ბექა ხალვაში, ნუკრი ხინთიბიძე, ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე და მერიის თანამშრომელი ეგარსლან ლომაძე.

პროკურატურის ინფორმაციით, გაიფლანგა 1 370 076 ლარი.