ბათუმის საქალაქო სასამართლომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის შვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის შვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის შვილს, 19 წლის ვახტანგ ტაბიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება მას სავალუტო ჯიხურის ყაჩაღობასა და მეპატრონეზე თავდასხმას ედავება.

ბრალდების მხარის ინფორმაციით, ვახტანგ ტაბიძემ სავალუტო ჯიხურის მფლობელს სახეში ქვა რამდენჯერმე ჩაარტყა, მაგრამ დაზარებულის მხრიდან აქტიური წინააღმდეგობის გაწევის გამო, ფულის წაღება ვერ შეძლო.

პროკურატურის ბრალდებას არ იზიარებს დაცვის მხარე. ადვოკატი პაატა ბოლქვაძე აცხადებს, რომ განსასჯელის მოტივაცია ყაჩაღობა არ ყოფილა. დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულისთვის ხუთი ათასლარიანი გირაოს შეფარდებაზე მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

ბრალდებულის მამა ბესიკ ტაბიძე დღევანდელ სასამართლო პროცესს არ დასწრებია. სასამართლოში ბრალდებულის ახლობლები იმყოფებოდნენ, მაგრამ მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ბრალდებული დუმილის უფლებით სარგებლობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას ხუთიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.