ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მის წინააღმდეგ ირაკლი შავაძის ბრალდებებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
„ვფიქრობ, ნათელია, რომ ირაკლი შავაძის გასაუბრების ოქმის გასაჯაროებით ყველა კითხვას პასუხი გაეცემა, მათ შორის, ის საკითხებიც გაირკვევა, რაზეც შავაძე აპელირებს, თითქოს, საბჭომ გადაწყვეტილება ჩემი ზეწოლით მიიღო“, – ამის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ დავით მამისეიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი განმარტებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ბრალდება, რომ თითქოს იუსტიციის საბჭომ უვადოდ გამწესებაზე უარი დავით მამისეიშვილის გავლენით უთხრა, სიცრუეა და ამას ისიც მოწმობს, რომ შავაძე თანახმა არ არის, გასაუბრების ამსახველი ვიდეოოქმი გაასაჯაროოს.
„როდესაც საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, ირაკლი შავაძეს დაუსვა კითხვა, გასაჯაროვდეს თუ არა მისი შეხვედრის ამსახველი ოქმი, ბატონი ირაკლი აღელდა და უარყოფითი პასუხი გასცა. ვფიქრობ, ნათელია, რომ მისი გასაუბრების ოქმის გასაჯაროებით ყველა შეკითხვას პასუხი გაეცემა, მათ შორის იმ საკითხებზე, რაზეც ბატონი ირაკლი აპელირებს, რომ თითქოს, საბჭომ ჩემი ზემოქმედების შედეგად მიიღო გადაწყვეტილება.
ჩემთვის უარის მიზეზი უცნობია და მე შავაძის პასუხებიდან მივხვდი, რომ სავარაუდოდ მისთვის სასიკეთო არ იქნებოდა და სავარაუდოდ საზოგადოება მიიღებდა ისეთ ინფორმაციას, რომელიც ბატონ ირაკლის განცხადებების სიმცდარეს დაადასტურებდა. მე ამას ვვარაუდობ“, – განაცხადა დავით მამისეიშვილმა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ირაკლი შავაძის მიერ ბოლო დროს, მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებზე გამოძების დაწყებას ითხოვს.
„საქართველოს პროკურატურა თუკი დაიწყებს გამოძიებას, დაადასტურებს, რომ მე ვარ მართალი და ამ შემთხვევაში ჩემ მიმართ ხორციელდება სიცრუის ტირაჟირება. მოვითხოვ როგორც ბატონი შავაძის პასუხისმგებლობის დაყენებას, ასევე – იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომლებმაც ჩემ მიმართ ნეგატიური ინფორმაცია უაპელაციოდ მიიღეს და საზოგადოებას ამცნეს, რომ თითქოს მის მიმართ ზეწოლას ვახორციელებ, უარყონ ეს ინფორმაცია“,- განმარტა მამისეიშვილმა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესა და ამავე სასამართლოს მოსამართლეს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ირაკლი შავაძემ საჯარო განცხადება გააკეთა და დავით მამისეიშვილი მასზე ზეწოლასა და მოსამართლის საქმიანობაში ჩარევაში დაადანაშაულა.
შავაძემ არ გამორიცხა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან მისთვის უვადოდ გამწესებაზე უარი მამისეიშვილის გავლენებს უკავშირდება.
აღნიშნულ საკითხზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს ირაკლი შავაძესა და დავით მამისეიშვილს მოუსმინეს.