ბათუმის საკრებულოს სხდომაზე „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმაზე მსჯელობას ხმაური მოჰყვა
ბათუმის საკრებულოს სხდომაზე „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმაზე მსჯელობას ხმაური მოჰყვა

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო, რომელიც ანბანის კოშკის მიმდებარედ „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) დამტკიცებაზე მსჯელობას მოჰყვა.

პროექტს, რომელსაც „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილი კომპანია ახორციელებს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, საზოგადოება „ბათომი“ და მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი ეწინააღმდეგება. საკითხის განხილვის დროს სიტუაცია გამწვავდა, რის გამოც, საკრებულოს თავმჯდომარემ შესვენება გამოაცხადა.

„სილქ როუდ ჯგუფი“ პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 42-სართულიანი „სილქ თაუერისა“ და კიდევ ოთხი ცათამბჯენის აშენებას გეგმავს. მოქალაქეთა ჯგუფი მშენებლობას იმ მოტივით ეწინააღმდეგება, რომ კოშკების აშენების შემთხვევაში, მათი თქმით, შეიცვლება ისტორიული ქალაქის იერსახე და გაუარესდება თანამედროვე ქალაქის ვენტილაცია.

სხდომაზე სიტყვა მოქალაქეებმაც მოითხოვეს.

„ისტორიული განაშენიანების რღვევასთან ერთად, ეს პროექტი სერიოზულ ეკოლოგიურ საფრთხეებს შეიცავს“, – განაცხადა საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელმა, ნინო ინაიშვილმა.

როგორც მოქალაქეები აცხადებენ, მსგავსი პროექტები ჯანმრთელობასაც უქმნის საფრთხეს.

„მე ვარ ექიმი და ასეთი პროექტები, რამხელა საფრთხეა ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ამას არავინ კითხულობს, საკრებულოს არ აინტერესებს, რატომ გაჩნდა ამდენი დაავადება“, – განაცხადა მოქალაქე ზეინაბ დიასამიძემ.

საკრებულოს უმრავლესობა პროექტის მომხრეა. მერიის წარმომადგენელი, რომელმაც განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი წარმოადგინა, ამბობს, რომ ეს არის მილიარდიანი ინვესტიცია, რომლის განხორციელების პროცესში ორი ათასი, ამოქმედების შემდეგ კი, მუდმივად ათასი კაცი დასაქმდება.

„საუბარი მქონდა ახალგაზრდებთან, იმ ახალგაზრდებთან ვისაც დასავლეთში აქვს განათლება მიღებული და იცის ეკონომიკის ფასი. ისინი მიესალმებიან ამ პროექტს, არ შეიძლება ყველაფერი ცალკეული ჯგუფების ინტერესებს მოერგოს“, – განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა, ნატალია ძიძიგურმა.

საკითხის განხილვა შესვენების შემდეგ განახლდება.