„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა ბათუმის საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა ბათუმის საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტაციამ.

საკრებულოს წევრის, მამუკა ქობულაძის განცხადებით, სხდომას ტოვებენ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სოლიდარობის ნიშნად. მათივე განცხადებით, ასევე ეს არის ერთგვარი პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ არჩეული დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტი არ არის გამოძიებული.

„ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებიდან დღეს ერთი წელი გავიდა. ეს არ იყო ბუნებრივი სიკვდილი და ფაქტის გამოძიება საერთოდ არ მიმდინარეობს. ამასთან, მიხეილ სააკაშვილის გარშემო რაც ხდება, არის წარმოუდგენელი სისასტიკე და ასეთ პირობებში ჩვენ დღევანდელ სხდომაზე დასწრებას არ ვაპირებთ“, – განაცხადა მამუკა ქობულაძემ.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ქცევები სასაცილოა.

„ღამე ხედავენ რაღაც საშინელებათა სიზმრებს, ამ სიზმრებს არქმევენ ბიძინა ივანიშვილის სახელს და მეორე დღეს აკეთებენ გაუგებარ განცხადებებს, თუმცა საზოგადოება ყველაფერს ადეკვატურად აფასებს. მათი ქცევები უბრალოდ სასაცილო გახდა, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, ბევრად მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს განსახილველი, ვიდრე მათი ღიმილისმომგვრელი ქმედებებია“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ აფხაზავამ.