ბათუმის საკრებულომ ბულვარის განაშენიანების გენერალური გეგმა დაამტკიცა
ბათუმის საკრებულომ ბულვარის განაშენიანების გენერალური გეგმა დაამტკიცა

ბათუმის საკრებულოში ბულვარის განაშენიანების გენერალური გეგმა დაამტკიცეს. გეგმის დამტკიცების პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ გენერალურ გეგმას თან ერთვოდა შენიშვნა, რომლის მიხედვითაც, გეგმიდან ამოღებულია ბულვარში მშენებარე „ამბასადორის“ მრავალსართულიან კორპუსთან დაკავშირებით შეფასება, რომ იგი შეუსაბამოა ბულვარის არქიტექტურულ კონცეფციასთან.

ხმათა უმრავლესობით „ქართულმა ოცნებამ“ გენერალური გეგმა დაამტკიცა, რის გამოც ოპოზიციის უმრავლესობამ სხდომა დატოვა.

„ბიძინა ივანიშვილის დავალებით, დღეს გენგეგმა იქნა დახლეჩილი. გენგეგმა, რომელშიც გადავიხადეთ ნახევარი მილიონი ლარი და კონკრეტული ბიზნესმენების, ვიღაც ჩინოვნიკების კეთილგანწყობისთვის, რომ ადამიანებს არ მოსწონთ სიტყვა „შეუსაბამო“, დღეს ეს ამოიღეს“, – განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლაშა კილაბერიამ.

ამასთან, საკრებულოს დეპუტატმა პარტია „ლელოდან“, ვაჟა დარჩიამ აღნიშნა, რომ დოკუმენტზე დიდი შრომაა გაწეული, თუმცა წარმოდგენილი შენიშვნით მას მხარს არ დაუჭერდა.

„დოკუმენტზე დიდი შრომაა გაწეული და ვაფასებ, მაგრამ მხარს არ დავუჭერდი ამ შენიშვნით, რადგან ეს ჩემი მხრიდან შენიშვნის ლეგიტიმაცია იქნებოდა. სიტყვა შეუსაბამოს ამოღება არ ცვლის არაფერს. ეს იყო რეკომენდაციის სახით ჩაწერილი და აპრიორი არ ნიშნავდა, რომ შენობა უნდა დაინგრეს ან დარჩეს. ეს იყო ინვესტორის ახირება, რაც დააკმაყოფილა საკრებულომ“,  – განაცხადა ვაჟა დარჩიამ.

„ქართულ ოცნებაში“ კი განმარტეს, რომ „ამბასადორისადმი“ გაცემული ნებართვა გასაჩივრებულია სასამართლოში და შენობის ბედს გადაწყვეტს არა საკრებულო, არამედ სასამართლო.

„სასამართლომ მისცა ნებართვა „ამბასადორს“, გაგრძელებულიყო მშენებლობა. მეორე მხრივ კი მიმდინარეობს დავა, რამდენად კანონიერად იყო გაცემული ეს ნებართვა. ანუ ამტკიცებენ, რომ რახან ამოვიღეთ სიტყვა შეუსაბამო, ეს ნიშნავს, რომ სასამართლოს რაღაცას ვკარნახობთ. ანუ, რომ არ ამოგვეღო, მაშინ მეორე საწინააღმდეგო მიმართულებით ვუკარნახებდით რამეს სასამართლოს? ამიტომ სასამართლო რომ იყოს სრულად ნეიტრალური, შეფასების ამოღებით ჩვენ მივიღეთ კარგი გადაწყვეტილება. თუ სასამართლო გადაწყვეტს, მშენებლობა გაგრძელდება, თუ სასამართლო იტყვის, რომ ნებართვა არასწორადაა გაცემული, შენობა დაინგრევა“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ თენგიზ აფხაზავამ.

კომპანია „ამბასადორი“ ბათუმის ბულვარში 21-სართულიან სასტუმროს აშენებს. კომპანიამ სამშენებლო პროექტს ორი სართული ჯერ უნებართვოდ დაამატა, შემდეგ მიმართა სააგენტოს ნებართვისთვის და მიიღო ნებართვა. სწორედ ამ ნებართვას ასაჩივრებენ სასამართლოში „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ და ორგანიზაცია „ბათომი“.