ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში, რომლის ექიმებსაც ახლობლები 29 წლის გოგონას გარდაცვალებაში ადანაშაულებენ, განმარტებას აკეთებენ
ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში, რომლის ექიმებსაც ახლობლები 29 წლის მელანო ფუტკარაძის გარდაცვალებაში ადანაშაულებენ, განმარტებას აკეთებენ. ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერი თამარ მხატვარი აცხადებს, რომ პაციენტისთვის მწვავე მუცლის დიაგნოზი არ დაუსვამთ.
„პაციენტი ემერჯენსის განყოფილებაში იყო მოთავსებული. კლინიკაში 16 მარტს შემოვიდა. ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში აღენიშნებოდა. ჩატარდა პროტოკოლით გათვალისწინებული კვლევა, რაც გულისხმობდა ემერჯენსის, გინეკოლოგისა და ქირურგის კონსულტაციას. მონიტორინგის მიზნით ქირურგიულ განყოფილებაში იყო გადაყვანილი, სადაც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. მეორე დღეს მდგომარეობა გაუმჯობესდა და პაციენტი ექიმების რეკომენდაციით ბინაზე გაიწერა. გაიცა ფორმა ასი. დიაგნოზი – მწვავე მუცელი ჩვენს კლინიკაში დაფიქსირებული არ ყოფილა. დანარჩენ კითხვებს ექსპერტები უპასუხებენ. ჩვენთან დაისვა დიაგნოზი – ტკივილი მუცლისა და მენჯის არეში“, – განაცხადა თამარ მხატვარმა.
ახლობლები ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ექიმებს 29 წლის მელანო ფუტკარაძის გარდაცვალებაში ადანაშაულებენ და სამართალდამცველებისგან საქმის გამოძიებას ითხოვენ.
მელანო ფუტკარაძის გარდაცვალებაზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის შესაბამისად დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.