ახლობლები ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ექიმებს 29 წლის გოგონას გარდაცვალებაში ადანაშაულებენ
ახლობლები ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ექიმებს 29 წლის გოგონას გარდაცვალებაში ადანაშაულებენ

ახლობლები ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ექიმებს 29 წლის მელანო ფუტკარაძის გარდაცვალებაში ადანაშაულებენ და სამართალდამცველებისგან საქმის გამოძიებას ითხოვენ.

მელანო ფუტკარაძე მწვავე აპენდიციტით გუშინ კლინიკა „მედცენტრში“ გარდაიცვალა, თუმცა ერთი დღით ადრე რეფერალურ საავადმყოფოში შეიყვანეს, საიდანაც ექიმებმა სახლში მალევე გაწერეს. გარდაცვლილის დედის, ნარგიზ ქათამაძის ინფორმაციით, გოგონას მუცლის არეში ტკივილები ჰქონდა.

„რეფერალური საავადმყოფოდან როცა გამოწერეს, მეორე დღეს მდგომარეობა უფრო
გამწვავდა და კლინიკა „მედცენტრში“ მივიყვანეთ, სადაც მალევე გარდაიცვალა. რეფერალური საავადმყოფოს ექიმებმა დიაგნოზი არასწორად დაუსვეს, რასაც ეს შედეგი მოჰყვა. ვითხოვ გამოძიებას“, – განაცხადა ნარგიზ ქათამაძემ.

კლინიკა „მედცენტრში“ ამბობენ, რომ პაციენტი მათთან მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს

„18 მარტს პაციენტი საერთო სისუსტით და მუცლის არეში ტკივილებით შემოვიდა. ავადმყოფის გადმოცემით, აღნიშნული ჩივილები ხუთი დღით ადრე დაეწყო. პაციენტს „მედცენტრში“ შესაბამისი კვლევები და კონსულტაციები ჩაუტარდა. ასევე ჩატარდა ოპერაციული მკურნალობა – მწვავე აპენდიციტი პერფორაციითა და პერიტონიტით. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი გადიოდა შესაბამის ინტენსიურ მკურნალობას, ავადმყოფის მდგომარეობა დამძიმდა დინამიკაში და 21 მარტს გარდაიცვალა. გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე პროგრესირებადი უკმარისობის გამო, სეპტიური შოკის ფონზე“, – განაცხადეს კლინიკა „მედცენტრში“.

ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში თემაზე კომენტარს არ აკეთებენ.