ბათუმში გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის ოჯახის წევრებსა და რეფერალური საავადმყოფოს ადმინისტრაციის შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა
ბათუმში გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის ოჯახის წევრებსა და რეფერალური საავადმყოფოს ადმინისტრაციის შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

ბათუმში გარდაცვლილი 29 წლის მელანო ფუტკარაძის ახლობლებმა ბაგრატიონის ქუჩიდან წრიულ მოძრაობასთან გადაინაცვლეს და რამდენიმე ქუჩა ერთდროულად, ცოცხალი ჯაჭვით გადაკეტეს.

რეფერალური საავადმყოფოს ადმინისტრაციასთან შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. აქციის მონაწილეები ექიმ, ეკა ფუტკარაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და პასუხისგებაში მიცემას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეებთან აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელიც მივიდა. კოტე ანანიაშვილი მათ დაპირდა, რომ გამოძიება დაწყებულია და უმოკლეს ვადაში გამოიკვეთება, იყო თუ არა დანაშაულის ნიშნები ექიმების მხრიდან. დაპირების მიუხედავად გარდაცვლილის ახლობლებმა აქცია არ შეწყვიტეს.

აქციაზე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძეც მივიდა. მას ახლობლებმა კატეგორიული მოთხოვნები წაუყენეს.

„არ დავიშლებით, სანამ ეკა ფუტკარაძე არ გადადგება და არ წავა ციხეში, გადავკეტავთ ყველა ქუჩას,”- უთხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს.

თავის მხრივ, ნინო ნიჟარაძე მათ დაპირდა, რომ კონკრეტულ პასუხს მიიღებს რეფერალური საავადმყოფოს ადმინისტრაციისგან. იგი ამ წუთებში საავადმყოფოს ადმინისტრაციას ხვდება.