ბათუმში გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის ახლობლებმა რეფერალურ საავადმყოფოსთან აქცია გამართეს
ბათუმში გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის ახლობლებმა რეფერალურ საავადმყოფოსთან აქცია გამართეს

ორი დღის წინ ბათუმში გარდაცვლილი 29 წლის მელანო ფუტკარაძის ახლობლებმა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოსთან მდუმარე აქცია გამართეს. ისინი გოგონას გარდაცვალებაში რეფერალური საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, ექიმებმა მწვავე აპენდიციტის დიაგნოზი დროულად ვერ დასვეს. აქციის მონაწილეები ექიმების პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვენ.

„ექიმებს უნდა შეუჩერდეთ ლიცენზია და წავიდნენ სახლში, მათ ფაქტობრივად მოგვიკლეს ახალგაზრდა გოგო. გვინდა, რომ მელანოს შემთხვევა იყოს უკანასკნელი“, – განაცხადა გარდაცვლილის ბიძამ, ზაურ დარჩიძემ.

​გარდაცვლილს ხვალ დაკრძალავენ. პროტესტის ნიშნად ახლობლები აპირებენ, მიცვალებული ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ეზოში რამდენიმე წუთით დაასვენონ.

მელანო ფუტკარაძის გარდაცვალებაზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის შესაბამისად დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით. ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა.

დატოვე კომენტარი