ბათუმის მარტის მოვლენების საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული დასკვნითი სიტყვის წარმოთქმას არ აპირებს
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მარტის მოვლენების ორგანიზების ბრალდებით დაკავებული მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას საქმის განხილვა დასასრულს უახლოვდება.
დღეს პროცესი ბოლო მოწმეების ჩვენებით გაგრძელდა, მომდევნო სხდომაზე კი მხარეები დასკვნით სიტყვებს წარმოთქვამენ, რის შემდეგაც სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს.
ამ წუთებში „ლეიბორისტული პარტიის“ აჭარის ორგანიზაციის ყოფილ ხელმძღვანელს ჯელალ ქიქავას უსმენენ. მოწმის სახით იგი ირაკლი ჩხვირკიამ მიიწვია.
„აქციაზე 18:00 საათიდან 23:00 საათამდე ვიმყოფებოდი და ჩხვირკია არ მინახავს, აქციაზე იყო მერაბ ღოღობერიძე, მაგრამ ის რომ ლიდერობდა ან მითითებებს იძლეოდა, არ მინახავს.
ეს არ იყო აქცია, იყო ბუნტი, ხელისუფლებაზე გაბრაზებული ხალხის. მეც ვიყავი აქციაზე და იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები. მაშინ ჩვენც აქ უნდა ვიჯდეთ,”- განაცხადა ქიქავამ.
დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წევრის დაკითხვაც იგეგმება. მოწმეების დაკითხვამდე ბრალდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ ადვოკატების აცილების შუამდგომლობა დააყენა, რომელიც მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დააკმაყოფილა.
„სასამართლოს ბედი გადაწყვეტილია. მე არ მაქვს მოლოდინი, რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს, უდანაშაულო ვარ, არ ვაპირებ დასკვნითი სიტყვის დაწერას და არ მჭირდება ადვოკატი”,-განაცხადა ჩხვირკიამ.
პროცესს არ ესწრება ბრალდებული მერაბ ღოღობერიძე.
ირაკლი ჩხვირკიასა და მერაბ ღოღობერიძეს გამოძიება ბათუმის 11-12 მარტის აქციის ორგანიზებას ედავება.