ბათუმის დრამატულ თეატრში 16 სექტემბერს სპექტაკლ „სასტუმრო ჰაიფას“ პრემიერა გაიმართება
ბათუმის დრამატულ თეატრში 16 სექტემბერს სპექტაკლ „სასტუმრო ჰაიფას“ პრემიერა გაიმართება

ბათუმის დრამატული თეატრი საპრემიერო სამზადისშია. „სასტუმრო ჰაიფა“, – ასე ჰქვია პოლონელი ავტორის, კატაჟინა კნიხალსკას პიესას, რომლის პრემიერაც 16 სექტემბერს გაიმართება.

სპექტაკლზე პოლონელი რეჟისორი იოცეკ გლომბი მუშაობს.

ტრაგიკომედია ერთ მოქმედებად მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწერლის, მარეკ ჰლასკოს მოთხრობებისა და რომანის მიხედვითაა შექმნილი და ის მირანდა გურგენიძემ თარგმნა.

მოქმედება მიმდინარეობს 60-იანი წლების ისრაელში. საპორტო ქალაქ ჰაიფაში მდებარე ძველ და შეუხედავ სასტუმროში, რომელსაც ექსცენტრიკული ესთერი მართავს, მეორე მსოფლიო ომგამოვლილი ემიგრანტები ცხოვრობენ. თითოეული მათგანი აქ უკეთესი ცხოვრების ძიებამ მოიყვანა. წარმოსახული სამოთხის მაგივრად კი რეალობის სისასტიკე, თაღლითობა, ძალადობა, პროსტიტუცია და ღალატი დახვდათ.

„სასტუმრო ჰაიფა“ სიბნელით მოცული ისტორიაა ადამიანებზე, რომლებიც ვერ ახერხებენ წარსულის დემონების დამარცხებას. საპორტო სასტუმროს თითოეულ მაცხოვრებელს ერთმანეთთან ომის ტრავმა აერთიანებს, რომელიც მათ საქციელსა და არჩევანს განსაზღვრავს.

სპექტაკლის შექმნაში იმ პოლონელ ხელოვანთა გუნდი მონაწილეობს, რომელთა ძალისხმევითაც 2016 წელს ბათუმის თეატრში დაიდგა წარმოდგენა „რამდენი დემონიც გნებავთ“ იეჟი პილხის მიხედვით.

დრამატურგიის ავტორია კატაჟინა კნიხალსკა, სარეჟისორო ნაწილს იაცეკ გლომბი უძღვება, სცენოგრაფია მალგოჟატა ბულანდას ეკუთვნის, მუსიკა ბარტოშ სტრაბუჟინსკს, ხოლო სასცენო მოძრაობა ვიტოლდ იურევიჩს. თითოეული მათგანი პოლონეთის ქალაქ ლეგნიცაში არსებულ თეატრთანაა დაკავშირებული (იაცეკ გლომბი თეატრის დირექტორია). 2016 წლიდან ბათუმსა და ლეგნიცას პარტნიორი ქალაქების სტატუსი მიენიჭათ.