ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები 2019“ გაიმართება
აგვისტოს ბოლოდან ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები 2019“ დაიწყება. ფესტივალის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა, თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე მაკა ნასრაშვილმა, ფესტივალის დირექტორმა ნინა ცაგარელმა და მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძემ ისაუბრეს.
ორგანიზატორების თქმით, წელს ფესტივალი მსმენელს მრავალფეროვან და საინტერესო პროგრამას სთავაზობს. 25, 27 და 28 აგვისტოს საკონცერტო საღამოები ბათუმში, ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ დარბაზში გაიმართება, ხოლო 2 და 4 სექტემბერს საფესტივალო კონცერტებს თბილისში ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი უმასპინძლებს.
„ღამის სერენადები 2019“-ის საკონცერტო საღამოებზე მსოფლიო კლასიკის შედევრებს შეასრულებენ ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის – ლიანა ისაკაძის მიერ შექმნილი კამერული ანსამბლ-ორკესტრი „ვირტუოზები საქართველოდან“. ფესტივალის მთავარი დირიჟორია ვახტანგ მაჭავარიანი. ფესტივალში ასევე მონაწილეობენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორებიც არიან: ნანა იაშვილი (ვიოლინო), ნინო სურგულაძე (მეცო-სოპრანო), ანა-ლიზა ბეზროდნი (ვიოლინო, ფინეთი/ინგლისი), იან-ერიკ გუსტავსონი (ჩელო, ფინეთი), პანტელის კოგიამისი (მოწვეული დირიჟორი, საბერძნეთი-ავსტრია), ყაზახეთის სახელმწიფო ტრიო – ერლან სერკებაევის (ფორტეპიანო), ბაღდატ აბილხანოვისა (ვიოლინო) და ყურვანჟან ახატოვის (ჩელო) შემადგენლობით, სანდრო ნებიერიძე (ფორტეპიანო), ცნობილი ქართველი კომპოზიტორის ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოებს – „კონცერტი ჩელოსთვის“ შეასრულებს ფინეთიდან მოწვეული ვარსკვლავი იან-ერიკ გუსტავსიონი (ჩელო).
საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 1982 წელს ცნობილი ქართველი მევიოლინესა და დირიჟორის, ლიანა ისაკაძის, ინიციატივით აფხაზეთში დაარსდა. 1991 წელს განვითარებული მოვლენების გამო, ფესტივალმა თავისი არსებობა შეწყვიტა და მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს, შავი ზღვისპირეთის ულამაზეს ქალაქ ბათუმში გახდა შესაძლებელი მისი აღდგენა. ფესტივალის დამაარსებელი და უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი ლიანა ისაკაძეა; 2018 წლიდან მასთან ერთად ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ასევე მისი ძმისშვილი გიორგი ისაკაძეა, რომელთანაც მას მრავალი წლის პროფესიული თანამშრომლობა აკავშირებს.
2015 წლიდან თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ფესტივალს „ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალი“ ეწოდა.