25 აგვისტოს, ბათუმში კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიხსნება
25 აგვისტოს, ბათუმში კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიხსნება

25 აგვისტოს, ბათუმში კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიხსნება. ფესტივალი მისი აღდგენიდან მე-11 წელია, რაც იმართება და მისი სამხატვრო ხელმძღვანელები არიან ლიანა და გიორგი ისაკაძეები.

გთავაზობთ პროგრამას, რომელიც 25 აგვისტოს, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში იქნება წარმოდგენილი:

პეტრე ჩაიკოვსკი – სერენადა

ანტრაქტი

სემუელ ბარბერიადაჟიო სიმებიანი ორკესტრისთვის

დიმიტრი შოსტაკოვიჩი – საფორტეპიანო კონცერტი No. 1

სანდრო ნებიერიძე – ფორტეპიანო

დავით შამანაური – საყვირი

ვახტანგ მაჭავარიანი – დირიჟორი

პეტრე ჩაიკოვსკი – სერენადა სიმებიანი ორკესტრისთვის

სერენადა სიმებიანი ორკესტრისთვის შედგება ოთხი ნაწილისაგან. ჩაიკოვსკი მიიჩნევდა, რომ პირველი ნაწილი იყო მოცარტის სტილის იმიტაცია და იგი კლასიკური სონატინის ნელი შესავლის ფორმაზე იყო დაფუძნებული. პარტიტურის მეორე გვერდზე ჩაიკოვსკი წერდა: „რაც უფრო მეტი შემსრულებელია სიმებიან ორკესტრში, იგი მით უფრო მეტად შეესაბამება ავტორის სურვილებს.“

ნაწარმოების მეორე ნაწილი, ვალსი, თავად გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დამოუკიდებელი ნაწარმოები.

1880 წლის 3 დეკემბერს სერენადა დაიდგა მოსკოვის კონსერვატორიაში, როგორც კერძო ჩვენება, ხოლო ნაწარმოების პირველი საჯარო გამოსვლა 1881 წლის 30 ოქტომბერს სანკტ-პეტერბურგში გაიმართა.

სამუელ ბარბერიადაჟიო სიმებიანი ორკესტრისთვის

ადაჟიო სიმებიანი ორკესტრისთვის სავარაუდოდ ბარბერის ყველაზე ცნობილი ქმნილებაა. კომპოზიტორმა მისი არანჟირება 1936 წელს დაასრულა, იმავე წელს, როდესაც დაწერა მისი ცნობილი კვარტეტი. ნაწარმოები პირველად შესრულდა 1938 წლის 5 ნოემბერს, „ენბისის“ (NBC) სტუდიის რადიოგადაცემაში, „ენბისის“ სიმფონიური ორკესტრის მიერ, რომელსაც არტურო ტოსკანინი დირიჟორობდა. 1940 წელს ტოსკანინიმ ეს ნაწარმოები მისი სამხრეთამერიკული ტურის დროსაც შეასრულა NBC სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.

დიმიტრი შოსტაკოვიჩი საფორტეპიანო კონცერტი No. 1

ნაწარმოების საკონცერტო პრემიერა შედგა 1933 წლის 15 ოქტომბერს, ლენინგრადის ფილარმონიის სიმფონიური ორკესტრის სეზონის გახსნაზე. ორკესტრს დირიჟორობდა ფრიც სტრიდი, საყვირის პარტიას ასრულებდა ალექსანდრე შმიდტი, ხოლო ფორტეპიანოსთან თვით დიმიტრი შოსტაკოვიჩი იჯდა. შოსტაკოვიჩმა ბრწყინვალედ დაუკრა კონცერტი და საზოგადოებამ ნაწარმოები ოვაციით მიიღო და მისი მოთხოვნით კონცერტი განმეორებით შესრულდა 17 ოქტომბერს. მიუხედავად სათაურისა, ნაწარმოები უფრო ზუსტად კვალიფიცირდება, როგორც ორმაგი კონცერტი, საყვირის და ფორტეპიანოს თანაბარი როლების გამო.

ნაწარმოების პრემიერიდან წლების შემდეგ შოსტაკოვიჩი წერდა, რომ თავდაპირველად მას დაგეგმილი ჰქონდა, დაეწერა კონცერტი საყვირისა და ორკესტრისთვის და ფორტეპიანო მოგვიანებით დაამატა, რის შემდეგაც ნაწარმოებმა ორმაგი კონცერტის სახე შეიძინა. ეს გენიალური ნაწარმოები შეიცავს და ამავე დროს პაროდირებს მრავალ მუსიკალურ ნაწარმოებს და მასში ავტორი ფართოდ იყენებს იმ ეპოქისთვის დამახასიათებელ სხვადასხვა ციტატას.

დატოვე კომენტარი