ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის “მასტერსის” ძირითად ბადეში მოხვედრისთვის ბრძოლა დაიწყო. ამისთვის საჭიროა საკვალიფიკაციო ტურნირის ორი რაუნდის გავლა. ბასილაშვილმა პირველი ბარიერი უკვე დაძლია – დაამარცხა რუმინელი მარიუშ კოპილი სამ სეტში – 6:4, 3:6, 6:2. შეხვედრა საათი და 42 წუთი გრძელდებოდა.
პირველ სეტში ბრეიკ-პოინტები მხოლოდ ბასილაშვილს ჰქონდა – შვიდი ასეთი შანსი მიიღო და ერთი გამოიყენა. მეორეში საპირისპირო სურათი მივიღეთ – კოპილმა გამოიმუშავა ორი ბრეიკ-პოინტი და ერთხელ აიღო მეტოქის მოწოდება, რითაც სეტებში ანგარიში გათანაბრდა.
მესამე სეტში 2:2-ზე, ბასილაშვილმა ორიდან ორი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, ზედიზედ ოთხი გეიმი აიღო და საკვალიფიკაციოს ფინალში გავიდა, სადაც ფრანგ ვეტერანს ჟულიან ბენეტოს შეხვდება. მასთან ბასილაშვილს მხოლოდ ერთხელ უთამაშია – შარშან, ანტვერპენში ბენეტომ პირველი სეტი 6:4 მოიგო, რის შემდეგაც, ქართველმა თამაში აღარ გააგრძელა.