ღამის კლუბ „ბასიანში“ ხვალ 14:00 საათზე პრესკონფერენცია გაიმართება. ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ღამის კლუბის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ბასიანის“ ადმინისტრაცია მწუხარებას გამოთქვამს ბოლო დღეებში დაღუპული ახალგაზრდების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილების ახლობლებს.
კლუბის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტრაგიკული გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა კლუბის ტერიტორიაზე არ მომხდარა.
ღამის კლუბის ადმინისტრაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„კლუბი BASSIANI / HOROOM 2015 წლის 3 ოქტომბერს გაიხსნა და მოკლე პერიოდში შეძლო არამხოლოდ ადგილობრივ, არამედ მსოფლიოს საკლუბო კულტურაში უმნიშვნელოვანესი ადგილის მოპოვება. ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო მედია გამოცემები, აღიარებული არტისტები და პროდიუსერები დღეს მას მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბად და საერთაშორისო სცენისთვის მიმართულების მიმცემ სივრცედ ასახელებენ. უამრავი ადამიანი შორეული ქვეყნებიდან თბილისს სწორედ ამ კლუბის და ქართული ელექტრონული სცენის გასაცნობად სტუმრობს.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, BASSIANI / HOROOM, როგორც მოძრაობა, დაარსების დღიდან დგას სოციალური ცვლილებების ავანგარდში და ხმამაღლა საუბრობს ქვეყანაში არსებულ უთანასწორო გარემოზე, ჰომოფობიის მაღალ მაჩვენებელსა თუ ქალთა მიმართ ძალადობაზე და მთელი ძალით ცდილობს ამ პრობლემების გადაჭრას. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ სწორედ ჩვენი გაცხადებული სიმართლისა და ღირებულებების გამო გავხდით რეგრესული და პრორუსული ძალების სამიზნე ობიექტი, სწორედ ამიტომ მიმდინარეობს საეჭვო ძალების მხრიდან ჩვენი მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და დემონიზირების პროცესი.
ბოლო სამი კვირის განმავლობაში ქვეყანაში უცნობ მომწამვლელ სუბსტანციას 5 ახალგაზრდა ადამიანი ემსხვერპლა, რომლის შემცველობა ჯერ კიდევ დაუდგენელია, მისი მომწოდებელი კი დაუსჯელი. პირველ რიგში ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ამ ტრაგედიის გამო და სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს.
ამ თემის ირგვლივ BASSIANI / HOROOM-ის მიმართ დაუსრულებელი ცილისმწამებლური კამპანია ხორციელდება, ვრცელდება უამრავი ბინძური ჭორი და ბრალდება. კლუბის დახურვას და მეპატრონეების დაპატიმრებას ითხოვენ პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფები. მათი მოქმედების მეთოდები იმდენად გასცდა ყოველგვარ ზღვარს, რომ მზად არიან ცილი დასწამონ კლუბს ადამიანების სიცოცხლის ხელყოფაში.
აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალებმა ასევე არაერთხელ სცადეს ჩვენი კლუბის დაპირისპირების ინსტრუმენტად ქცევა და ჩვენი სახელის გამოყენება საკუთარი ვიწროპარტიული პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად.
გვსურს სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ BASSIANI / HOROOM-ის დაარსების დღიდან კლუბის ტერიტორიაზე არც ერთი ადამიანის სიცოცხლეს არ შექმნია საფრთხე, თუ არ ჩავთვლით ჩვენს დაცვის წევრებზე განხორციელებულ თავდასხმას.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ტრაგიკული გარდაცვალების არცერთი შემთხვევა კლუბის ტერიტორიაზე არ მომხდარა. გავრცელებული ჭორები, თითქოს ეს ადამიანები BASSIANI / HOROOM-ის სივრცეში იმყოფებოდნენ არ დასტურდება. თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ ათასობით ადამიანის მსგავსად, რომელიმე მათგანი ნამდვილად ყოფილიყო კლუბის ტერიტორიაზე, ისევე როგორ სხვადასხვა საჯარო სივრცეებში, ქუჩაში თუ სახლში.
მიუხედავად ამისა, მიგვაჩნია, რომ არ აქვს მნიშვნელობა მავნე, მომწამლავი ნივთიერების შედეგად ადამიანი სად გარდაიცვლება, თითეული ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე უნდა იყოს უზრუნველყოფილი და დაცული. ამაზე პირველ რიგში სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, ჯანდაცვასა და პრევენციაზე ორიენტირებული პოლიტიკით.
აგრეთვე სრული პასუსისმგებლობით ვაცხადებთ, რომ კლუბ BASSIANI / HOROOM-ზე არანაირი ნარკოტიკით უკანონო ვაჭრობა არ მიმდინარეობს. კლუბში შემომსვლელი თითოეული ადამიანი საფუძვლიანად იჩხრიკება. ასევე, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ კლუბის ტერიტორიაზე პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე ადამიანი ვერ ხვდება, როგორც ამას სხვადასხვა დაჯგუფებები გვაბრალებენ. კლუბს მხოლოდ სრულწლოვანი, ზრდასრული მოქალაქეები სტუმრობენ, ცალკეული სუბსტანციების მიღება-არმიღების საკითხს კი მოქალაქეები ინდივიდუალურად წყვეტენ, რასთანაც კლუბს არანაირი კავშირი არ აქვს და ვერც ექნება.
არ დაგვავიწყდეს დღეს ქვეყანაში არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკის პირობებში ნარკოტიკული საშუალების მოხმარება სისხლის სამართლის დანაშაულია, ხოლო ნივთიერების მილიგრამების ფლობა 8-20 წლამდე ან უვადო პატიმრობით ისჯება. ჩვენ აქამდეც არაერთხელ გვითქვამს, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა არათუ პრობლემის გადაჭრისკენ არაა მომართული, არამედ თავად ხდება პრობლემის, ზოგჯერ კი საუბედუროდ ტრაგედიების გამომწვევი მიზეზი.
დაუშვებლად მიგვაჩნია, რომ ამ უმძიმესი გამოწვევისა და უმწვავესი პრობლემის ფონზე, როდესაც 5 ახალგაზრდა ადამიანი უცნობ მომწამვლელ ნივთიერებას ემსხვერპლა, გამოსავლის ძიების ნაცვლად რეგრესული და პრორუსული ჯგუფები ტრაგედიებით ურცხვად მანიპულირებენ, ხელს კი ერთი კონკრეტული კლუბის, BASSIANI / HOROOM-ისკენ იშვერენ. ეჭვგარეშეა, რომ მიმდინარე ცილისმწამებლური კამპანია ამ ჯგუფებისა და მათ უკან მდგომი ძალების ფარულ ინტერესებს ემსახურება.
ჩვენ ყველაზე მეტად ვართ დაინტერესებული გამოძების შედეგებით, იმისთვის, რომ დადგეს ობიექტური ჭეშმარიტება და ნათელი მოეფინოს სიმართლეს. იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველაფერი მალე დასრულდება. თუმცა ჩვენ არ ვიცით, რა მოხდება ხვალ.
მივმართავთ BASSIANI / HOROOM-ის ოჯახის თითოეულ წევრს, საზოგადოებას, ელქტრონული მუსიკისა და საკლუბო სფეროს წარმომადგენლებს, ყველა მედია საშუალებას, საერთაშორისო გამოცემებს, დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აბსოლუტურად ყველას, ვისთვისაც ძვირფასია თითოეული ადამიანის სიცოცხლე, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ამ უმწვავეს პრობლემასთან გამკლავება და ძვირფასია ჩვენი ქვეყნისა და კულტურის წინსვლა: დაგვიდექით გვერდით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენი თანადგომა. კლუბის სოციალური პოლიტიკის გათვალისწინებით, ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ეს არის ბრძოლა არამხოლოდ კონკრეტული სივრცის, არამედ ყველა იმ იდეისა და ღირებულების – თავისუფლებისა და თანასწორობის, ყველა იმ ერთობლივი მონაპოვარის წინააღმდეგ, რომლის გარშემოც ვართ გაერთიანებული ათასობით ადამიანი!
ხვალ, ყველას გელოდებით 14:00 საათზე, პრესკონფერენციაზე, რომელიც კლუბის ტერიტორიაზე გაიმართება
ჩვენ, ადამიანები, ვინც სიმართლის მხარეს ვდგავართ, ძალიან ბევრნი ვართ!“,- აღნიშნულია განცხადებაში.